ბედუკაძის საქმე

არჩილ კბილაშვილი: ბედუკაძის მორალურ მხარეს არ განვსჯი

ფორმალურად, მთავარ პროკურორს აქვს უფლება, დანაშაულის ჩამდენი გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, ანუ, ამ მხრივ, პრობლემა არ დგას, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში, ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"რაც შეეხება შინაარსობრივ ასპექტს, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უსწრებდა რამდენიმე არგუმენტი, მათ შორის ის, რომ ამ ადამიანის მიერ მოტანილი ვიდეომასალით შესაძლებელი გახდა მხილება არა კონკრეტულად იმ ეპიზოდებისა, არამედ მან უბიძგა მთლიანად ქვეყნის მასშტაბით ფართო გამოძიების დაწყებას პენიტენციურ დაწესებულებებში", - აღნიშნავს კბილაშვილი.

მისი თქმით, ბედუკაძე მოვალე იყო შეესრულებინა ის, რასაც სისტემა მოითხოვდა. "კარანტინის ეპიზოდში დაკითხული პირები ამბობენ, რომ არ უნდოდათ პატიმრის ცემა, მაგრამ ასეთი წესი იყო. პენიტენციური დაწესებულებები იმართებოდა ამ მეთოდებით და ეს არ იყო ბედუკაძის შემოქმედება. ის იყო ერთ-ერთი მონაწილე, რომელმაც სხვებისგან გასხვავებით, გარეთ გამოიტანა ეს ინფორმაცია, რითაც საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი თავი და ოჯახი. მან ხომ არ იცოდა, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მოვიდოდი პროკურორად და გავათავისუფლებდი. არ ჰქონდა იმის იმედი, რომ ასეთი სცენარით განვითარდებოდა მოვლენები და ამიტომაც გაიხიზნა", - ამბობს კბილაშვილი.

არჩილ კბილაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის მეორეხარისხოვანი იყო, მოინანია თუ არა ბედუკაძემ დანაშაული.

"ზოგიერთმა პროკურორმა მითხრა, რომ არ მოსწონდათ მისი ქცევა პროცესზე, ქედმაღლურია და არ ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც ინანიებს ჩადენილ ქმედებასო. კარანტინის სცენის მონაწილეზე კი მომიტანეს ამბავი, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს, ინანიებსო. გადაწყვეტილების მიღებისას ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, როგორ ინანიებს ან არ ინანიებს დანაშაულს. მან შედეგი მოიტანა და დადო, ხოლო ის, ვინც ინანიებს, დღესაც იმავეს გააგრძელებდა, რომ არაფერი შეცვლილიყო. ანუ მონანიება არ არის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი", - აღნიშნავს კბილაშვილი.

მისი თქმით, ის ბედუკაძის მორალურ მხარეს არ განსჯის. "ჩვენ შუამდგომლობაში ჩავწერეთ, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მიუხედავად ამისა, ჩემთვის შედეგია მთავარი - მან მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა მსგავსი ხელყოფისგან სხვა პატიმრები. აი, ეს არის ის ხედვა, რაც მე ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დავუდე", - განმარტავს კბილაშვილი.

კომენტარები