ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები აღარ გაიმართება

PPCOE / wikipedia

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები აღარ გაიმართება. დებატების გამართვას 56-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 73 კი წინააღმდეგ წავიდა. ასამბლეის სხდომის გამართვამდე ბიუროს წევრებმა დებატების გამართვას მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილების მიღებამდე ევროპარლამენტარებმა ამ თემასთან დაკავშირებით კოლეგებს საკუთარი აზრი გააცნეს.

"საპრეზიდენტო არჩევნებამდე და ასამბლეის საშემოდგომო სესიამდე, ეს ბოლო შანსია ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. თუ გვინდა, რომ ეს არჩევნები იყოს სამართლიანი, მოდით გავმართოთ დებატები ამ თემაზე", - განაცხადა ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა.

დებატების გამართვის წინააღმდეგი იყო შვეიცარიის დელეგაციის წარმომადგენელი ანდრიას გროსი, რომლის ინიციატივაც იყო ასამბლეაზე კენჭისყრის გამართვა. 

"ბიუროს სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატების გამართვასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო. იქ გადაწყდა, რომ დებატები გამართულიყო, მაგრამ სოციალ-დემოკრატების სახელით გთხოვთ, რომ არ ჩავატაროთ", - განაცხადა გროსმა.

კენჭისყრამდე დეპუტატებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმაც მიმართა. მისი თქმით, დებატების გამართვისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდა. 

"მე მივიღე ქართული დელეგაციის წევრები, მოვუსმინე მათ ყურადღებით, არსებობს სერიოზული საკითხები და ვფიქრობ, კარგი იქნება ჯერ კარგად გავერკვეთ ყველაფერში, რაც ხდება. არ ვაპირებთ, გადავწყვიტოთ, ვინაა მართალი ან მტყუანი, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი დებატებისთვის. საპრეზიდენტო არჩევნები იქნება დემოკრატიის მორიგი ტესტი, თბილისში ყოფნისას მე პირადად მოვუწოდე ამისკენ ხელისუფლებას", - განაცხადა ჟან კლოდ მინიონმა. 

 

კომენტარები