ციხის სკანდალი

პროკურატურამ წამებაში ბრალდებულ 8 პირთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

facebook.com/OfficialPOG

ბასტისა და ბუბუს მეტსახელებით ცნობილ პირებს, ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას და მათთან ერთად კიდევ 6 პირს, რომლებიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე პატიმრების წამების ბრალდებით დააკავეს, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ხათუნა პაიჭაძე ადასტურებს. 

"ამ ადამიანებს, იმის გამო, რომ ძვირფასი ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას და ითანამშრომლეს, გაუფორმდათ რეალურ სასჯელებზე საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა პაიჭაძემ ტაბულასთან საუბარში.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად, ბუბუს მეტსახელით ცნობილ ბორის ფარულავას და გლდანის #8 დაწესებულების კიდევ ერთ თანამშრომელს, მანუჩარ ლომთაძეს, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამ პირებმა სასჯელი უკვე მოიხადეს და თავისუფლები არიან. 

საპროცესო შეთანხმებით სასჯელი 5 წლამდე შეუმცირდა ბასტის მეტსახელით ცნობილ ლევან ფხალაძეს. სასჯელზე გარიგება კიდევ 5 პირის მიმართ განხორციელდა: 

  • მამუკა ჩხიტუნიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; 
  • კობა ჩიკვატიას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; 
  • გურამ ცომაიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; 
  • ალექსანდრე ჯანჯღავას და დავით მეცხოვრიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.


საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა შემდეგ პირებთან: 

  • დავით ხუჭუას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლით 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; 
  • გაგა მკურნალიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის, 4 თვის და 15 დღის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით; 
  • გიორგი კვარაცხელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; 
  • ლევან ფურცხვანიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება; 
  • ვიქტორ ყაჭეიშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 3 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდებით; 
  • ოლეგ ფაცაციას განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით და 1 წლის და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. 


სასამართლომ ორი პირის - თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძის - მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა სხვა მუხლზე და მათი მსჯავრდება მოხდა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის. თემურ ჭაჭიას და მათე ელბაქიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

ხოლო ვლადიმერ ბედუკაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, მიუხედავად მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტის არსებობისა, "განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ" საპროცესო შეთანხმების შედეგად, სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

შეგახსენებთ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის 17 ყოფილ თანამშრომელს, რომელთა უმეტესობა ვიდეოჩანაწერების გავრცელებიდან მალევე დააკავეს, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმართა წამება და არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა ედებოდათ ბრალად. 

საგულისხმოა რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 პრიმა მუხლის მიხედვით, ადამიანთა წამება ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ა) მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

17 ბრალდებულის შემთხვევაში სასჯელის მაქსიმალური ვადა 6 წლით განისაზღვრა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე 14 ივნისს მიიღო.

კომენტარები