საქართველო-ევროკავშირი

უსუფაშვილი: დღევანდელი პარლამენტი უფრო ევროპულია, ვიდრე ოდესმე

ტაბულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის ვაჭრობის კომისარს, კარელ დე გუხტს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში რეფორმების გაგრძელების საკითხს, ასევე საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტისა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობას. 

"ახალი ხელისუფლების სურვილია, კიდევ ერთხელ დაადასტუროს ქვეყნის ევროპისაკენ სწრაფვა. დღევანდელი პარლამენტი უფრო ევროპულია,  ვიდრე ოდესმე. მასში წარმოდგენილია ფართო პოლიტიკური სპექტრი. ვილნიუსის სამიტს ჩვენ ყველა დიდი იმედებით ველით. ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემის პროცესი მშვიდობიანად წარიმართა. საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელ ხელისუფლებას გვერდში უდგას და ამავდროულად ასრულებს მის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პარლამენტს მნიშვნელოვანი მისია ეკისრება სამომავლო დოკუმენტების გაფორმების დაჩქარებაში. ხოლო დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, ქვეყნის შიდა უთანხმოებები ხელს არ შეუშლის. 

"პარლამენტი მზად არის შეასრულოს თავისი როლი საკანონმდებლო დონეზე, მოახდინოს საჭირო დოკუმენტების დროული რატიფიკაცია", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

კომენტარები