აშშ-რუსეთი

პუტინი და ობამა სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

Reuters

ამერიკის შეერთებულ შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტმა სირიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ მათ ჩრდილოეთ ირლანდიაში, დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ორივე პრეზიდენტს ბრიფინგის დროს დაძაბულობა ეტყობოდა.

"სირიასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი გვაქვს. მაგრამ ორივე ვიზიარებთ ინტერესს იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს, დაუშვებელია ქიმიური იარაღის გამოყენება და გავრცელება. ჩვენ გვსურს ვცადოთ ამ პრობლემის მოგვარება პოლიტიკური გზით, თუ ეს შესაძლებელი იქნება. ორივე მხარე ვიმუშავებთ პოტენციურ შესაძლებლობებზე სირიის საკითხზე ჟენევის კონფერენციისთვის", - განაცხადა ბრიფინგზე ბარაკ ობამამ.

რუსეთის ლიდერი კი აცხადებს, რომ გმობს ძალადობას, თუმცა სირიის ოპოზიციის დახმარების წინააღმდეგია. რუსეთის პოზიცია კრიტიკის საგანი გახდა დიდი რვიანის ყველა დანარჩენი წევრის მხრიდან. მათ მოსკოვის მიერ ასადის რეჟიმისთვის შეიარაღების მიწოდება დაგმეს.

როგორც ობამასთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა აღნიშნა, "რასაკვირველია, ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. მაგრამ ყველას გვსურს, სირიაში ძალადობა შევაჩეროთ, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი მსხვერპლი და სიტუაცია მშვიდობიანად მოვაგვაროთ. მათ შორის, ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეების მიწვევის გზით".

ჟენევის კონფერენცია სირიის ოპოზიციისა და ხელსუფლების მონაწილეობით მიმდინარე თვის ბოლოს არის დაგეგმილი.

ამ დრომდე სირიის სამოქალაქო ომში 93 ათასი ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ასადის რეჟიმმა ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი აჯანყებულების წინააღმდეგ. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მზად არის აჯანყებულებს შეიარაღება მიაწოდოს. 

კომენტარები