დაკავება

თინა ხიდაშელი საგარეჯოში დაკავებულ პირებს თავდებში უდგება

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, საგარეჯოში დაკავებულ პირებს თავდებში უდგება და საგამოძიებო სამსახურს მის დაკითხვას სთავაზობს.

ხიდაშელის განმარტებით, პროექტი, რასთან დაკავშირებითაც საგარეჯოს გამგებელი, მისი მოადგილე, სამსახურების უფროსებისა და სამი კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს, მისი ინიციატივით დაიწყო.

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვიცი აბსოლუტურად ყველაფერი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან, ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც რაიონში გავნახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებით გაჭირვებულ ადამიანებს. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ მათ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ, მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, რადგან პროექტი ჩემი ინიციატივით დაიწყო და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. მე ვუდგები თავდებში ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მათი გათავისუფლება. გამოძიება უნდა გაგრძელდეს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის დასრულდება პოზიტიურად და არაფერი დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რაც წაყენებული აქვთ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე, შპს არსაკიძის დირექტორი რევაზ ბაჩოშვილი, შპს პალაცოს დირექტორი ზაზა მაისურაძე და შპს მშენებელი 2013-ის დირექტორი გიორგი ადუაშვილი დააკავეს.

კომენტარები