ISAF-ის მისია

ბარნოვი: კოკა ყანდიაშვილის განცხადება საზოგადოების სიცრუეში შეყვანაა

primetimenews.ge

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობას უწოდებს.

ბარნოვის განცხადებით, ადმინისტრაცია არ აპირებდა, რეაგირება მოეხდინა ყვითელ პრესაში გავრცელებულ ვერსიებზე, რომელთა მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი, შესაძლოა, კავშირში იყოს თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან. ბარნოვის განმარტებით, ოფიციალური კომენტარის გაკეთება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მსგავსი ვერსიების ტირაჟირება ოფიციალურმა პირებმაც დაიწყეს:

"მინდა შეგახსენოთ, ვინ არის კოკა ყანდიაშვილი - ის შევარდნაძის დროინდელი კადრია, რომელიც პრემიერმა მთავარ პიარად აირჩია. დღეს ის ოფიციალური პირია. მთავარი პიარდირიჟორი და კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი არის მისი თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ დაკითხულა და დაკითხვაზეც არავინ დაუბარებიათ. როდესაც ასეთი განცხადებები ვრცელდება და ამას იმეორებს ოფიციალური პირი, რომელიც პრემიერთან ყოველდღიურ კონტაქტშია და პასუხისმგებელია იმაზე, რა მესიჯებს აწვდის მთავრობა და პრემიერი საზოგადოებას, არის თუ არა ეს საზოგადოების სიცრუეში ცხოვრება, რის გამეორებაც პრემიერს ხშირად უყვარს. ოფიციალური პირის განცხადებას უნდა უძღოდეს ოფიციალური ქმედება, რაც სახეზე არ გვაქვს. ეს არის ყვითელი პრესის ინფორმაცია, რომელსაც ტირაჟირებას უკეთებს ოფიციალური პირი", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა 10 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

კოკა ყანდიაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მუქარის შემცველი ვიდეოების დამზადებისა და გავრცელების საქმეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იკვეთება.
"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, "მოდელირებული ქრონიკის" ერთ-ერთი შემქმნელი, გიორგი არველაძის გუნდიდან (როგორც ინტერნეტ სააგენტოები და გაზეთი "ვერსია" იუწყება) - იკვეთება ამ "ვიდეო-საძაგლობის" შემქმნელად და გამავრცელებლად. იმედია, გამოძიება - რომელსაც აწარმოებს შსს, დროულად დაადგენს როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთების ვინაობას. პ.ს. დარჩიაშვილის და სხვა ნაცაქტივისტების ბოდვაზე კი, - პასუხი უბრალოდ უხერხულია", - წერს ყანდიაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა 10 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ YouTube-ზე გავრცელებულ სკანდალურ ვიდეორგოლებში კოკა ყანდიაშვილის ხელწერას ხედავს:

„ვის სძულს ყველაზე მეტად პრეზიდენტი და მისი გუნდი, ეს სიძულვილი უნდა მოიკითხოთ ქართული ოცნების რიგებში - ბუნებრივია, ყველას არ ვგულისხმობ. ვის ხელეწიფება ასეთი ტიპის კლიპების დამზადება, ვინაა ჩართული პიარ ტექნოლოგიებში ჯერ შევარდნაძის დროს, მერე უკვე ივანიშვილის კარზე, ეს საკმაოდ შეზღუდული წრეა და ერთერთ წამყვან ადგილს იქ ყანდიაშვილი ასრულებს“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

კომენტარები