ISAF-ის მისია

ბიძინა ივანიშვილი: ქედს ვიხრი დაღუპული გმირების წინაშე

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცების ოჯახებსა და საქართველოს:

„უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა. დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი და პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი მოყოლილია ნანგრევებში და ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ მთელ საქართველოს, ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს," - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც მის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

 6 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდახმის შედეგად დაიღუპა ექვსი ქართველი ჯარისკაცი, ერთს კი ნანგრევებში ეძებენ. დაჭრილია ცხრა სამხედრო მოსამსახურე.

ხვალინდელი დღე, 7 ივნისი პრეზიდენტმა გლოვის დღედ გამოაცხადა. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

კომენტარები