საქართველო-ევროკავშირი

ევროპარლამენტარები: საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის სიმწიფის ტესტი იქნება

europarl.europa.eu

"მიგვაჩნია, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის სიმწიფის ტესტი იქნება", - ნათქვამია შემაჯამებელ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტართა შვიდკაციანმა ჯგუფმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტართა დელეგაცია 3-4 ივნისს იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს შეხვდნენ. დეპუტატმა კჟისტოფ ლისეკმა კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც მოინახულა.

ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მაღალი დონით, რომელიც მმართველი და ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს შორის შეინიშნება. ამ კონტექსტში, ევროპელი კანონმდებლები სასამართლო სისტემის რეფორმის გატარების მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ჩვენ გვჯერა, რომ სამართლიანობის ფართოდ გავრცელებული მოთხოვნა, მიღწეული უნდა იყოს კანონის უზენაესობის, სამართლიანი სასამართლოს პრინციპისა და უკანონობასთან ბრძოლის ფარგლებში, არა მხოლოდ განცხადებების დონეზე, არამედ ხელშესახები ქმედებებით, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ბრალდება", - ნათქვამი განცხადებაში.

ევროპარლამენტარები 17 მაისს, თბილისში განვითარებულ ძალადობას გმობენ.

"შეშფოთებულები ვართ უმცირესობებისა და დაუცველი ჯგუფების წინააღმდეგ გამოვლენილი სიძულვილის ენითა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მატებით. მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, ევროპული სტანდარტების დაცვით იმუშაონ სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ველით მსგავსი ქმედებების ჩამდენი დამნაშავეების სათანადოდ დასჯას", - აცხადებენ ევროპარლამენტარები და იქვე აღნიშნავენ, რომ მოელიან სრულყოფილი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებას.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის "სიმწიფის ტესტი" იქნება.

"შეგახსენებთ, რომ კონსტრუქციული, მშვიდობიანი და დიალექტიკური კოაბიტაცია დემოკრატიის ნიშანია. ევროპარლამენტი კვლავაც რჩება საქართველოსა და ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ძლიერ მხარდამჭერად და მზადაა, დახმარება გაუწიოს საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები