უშიშროების საბჭოს სხდომა

სააკაშვილი: მსგავსი შეკრებები მუდმივად უნდა გავაგრძელოთ

"მივესალმები იმ ფაქტს, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, რომელიც განპირობებული იყო არჩევნებით და მთავრობის შეცვლით, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური რეალობით, ჩვენ შევძელით უშიშროების საბჭოს ხელახლა შეკრება. ვფიქრობ, ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთად დავსხდეთ და ვილაპარაკოთ საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უშიშროების საბჭოს სხდომა გახსნა.

პრეზიდენტმა შეკრებილებს სხდომის დღის წესრიგი გააცნო და აღნიშნა, რომ მთავარი თემა საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენები და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებებია:

"დღევანდელი დღის წესრიგი განპირობებულია პროვოკაციებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწყობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ასევე თემებით, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის მცდელობებს, იაროს სხვადასხვა ქვეყნებში და მოიპოვოს მისი უკანონო ოკუპაციის აღიარება. ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ, ამიტომ ასეთი შეკრებები მუდმივად უნდა გავაგრძელოთ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება დაგროვილი ამ თემებზე, ეს არის ის საკითხები, რომლებიც ყველას თანაბრად გვაღელვებს, იმიტომ, რომ ყველანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ", - განაცხადა სააკაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ სხდომას საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება, რომელიც, მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრია.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, ფინანსთა, რეინტეგრაციის და შს მინისტრები, ასევე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და დედაქალაქის მერი. სხდომა დახურულია.

შეხვედრას არ ესწრება პრემიერმინისტრი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უკანასკნელ ორ დღეში ქვეყანაში რაიმე განსაკუთრებული არ მომხდარა და ის საკუთარი დღის წესრიგის შეცვლას არ აპირებს.

კომენტარები