უშიშროების საბჭო

ბოკერია: ქვეყანა სახიფათო ტრაექტორიით მიდის

გიგა ბოკერია
tabula.ge

უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სახიფათო ტრაექტორიით მიდის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაზიანების რისკები არსებობს - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა.

"ვთვლი, რომ უფრო მთავარია, ქვეყანაში რეალურად რა ხდება. საკითხის ასე დასმა, რომ ქვეყნის იმიჯი შეილახება და ამიტომაა პრობლემა რაიმე, არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტის, ნატოში, ევროკავშირში ინტეგრაციის და სხვა ამოცანებიდან გამომდინარე, ამ ფონზეც ეს იქნება პრობლემა. რეალურად ქვეყანა სახიფათო ტრაექტორიით მიდის. იმედს ვიტოვებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს პროცესი შენელდეს და არ დააზიანოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუმცა რისკი არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ ვანო მერაბიშვილის დაკავების შესახებ კითხვაზე პასუხად.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის დაკავების პოლიტიკურ მოტივებს თავად პრემიერმინისტრის განცხადებები ცხადყოფს:

"მხოლოდ ჩვენი ბრალდება არ არის, რომ პოლიტიკური მოტივით ხდება დაკავება. პრემიერმინისტრი თვითონ ამბობს, რომ თუ რიტორიკას არ შეიცვლიან და ტყუილების ლაპარაკს არ შეეშვებიან, მეტს დაიჭერენ. თუ მხოლოდ მათ მიმართ უნდა მოხდეს დევნა, ვინც კანონი დააარღვია, მაშინ რა შუაშია ის, როგორ ვაკრიტიკებთ ან არ ვაკრიტიკებთ პრემიერს? Washington post-ი გამოაქვეყნებს სტატიას თუ არ გამოაქვეყნებს, პოლიტიკიდან წავა მერაბიშვილი, თუ არ წავა. კულუარებშიც, ბევრი არხით, მეც და სხვებსაც, მიღებული აქვთ ეს გზავნილი, რომ თუ არ შეგვეშვებით, მოხდება დაჭერა, ამის გამეორება საჯაროდაც ხდება", - ამბობს ბოკერია.

ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებით, პრობლემაა, რომ ბიძინა ივანიშვილი დროის დიდ ნაწილს მსგავს თემებზე ხარჯავს:

"დიდი პრობლემაა, როდესაც თავის ძირითად დროს პრემიერმინისტრი ამაზე ხარჯავს. ის არ ხარჯავს დროს, რომ გაერკვეს ვითარებაში, მაგალითად, თქვა, რომ შრომის კოდექსზე 15 წუთი დახარჯა. ამის ნაცვლად ატარებს მრავალსაათიან პრესკონფერენციებს ჩაკითხვებით იმის თაობაზე, ვის როდის დაიჭერენ ან რაღაც ფილოსოფიურ თემაზე საუბარში. ამ ქვეყანას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტით იქნება დაკავებული და ძალადობას არ დაუშვებს, პოლიტიკურად მოტივირებულს ან უმცირესობისადმი მიმართულს", - ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები