მერაბიშვილის საქმე

ლისეკი: გაკვირვებული ვარ, რომ მერაბიშვილს არ აქვს ტელევიზორი და ახლობლებთან კონტაქტი

eppgroup.eu

ევროპარლამენტის დელეგაციის წევრმა კჟისტოფ ლისეკმა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილი მოინახულა.

ლისეკის განცხადებით, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერმინისტრი კარგ ფორმაშია და ოპტიმისტურად არის განწყობილი. პოლონელი დეპუტატის თქმით, მერაბიშვილს არ აქვს ტელევიზორი და ახლობლებთან კონტაქტის საშუალება, რაზეც ის იუსტიციის მინისტრს დაელაპარაკება:

"ნახევარი საათის განმავლობაში ვისაუბრეთ, მერაბიშვილი არის კარგ ფორმაში. ბევრი შეკითხვა დამისვა, გარეთ რა ხდება. გაკვირვებული ვარ, რომ არ აქვს ტელევიზორი და ახლობლებთან კონტაქტი. სწორედ აქედან გამომდინარეობდა მისი შეკითხვები, თუ რა ხდება გარეთ. მე ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს დაველაპარაკები. მას ასევე შეუძლია ნახევარი საათის განმავლობაში გავიდეს სუფთა ჰაერზე. ის ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედოვნებს, რომ ციხეში ყოფნა ერთ წელზე მეტი არ მოუწევს", - განაცხადა ლისეკმა.

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი 21 მაისს დააკავეს. მას ბრალად თავდაპირველად უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა და სხვისი საკუთრების უკანონოდ მითვისება ედებოდა. მოგვიანებით მერაბიშვილს ბრალი 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დაუმძიმდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კომენტარები