ოკუპირებული რეგიონები

საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, უმცირესობა უმრავლესობას თანამშრომლობას სთავაზობს

wikipedia.org

ნაციონალური მოძრაობა, რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას კონსულტაციებს და თანამშრომლობას სთავაზობს. ამის შესახებ უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არსებული დიდი განსხვავებებისა, ქვეყანის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა არსებობდეს თემები, რომელთა შემთხვევაშიც, ყველა პოლიტიკოსს შეუძლია ერთი და იმავე პოზიციის გამოხატვა.

"დარწმუნებული ვარ, დეოკუპაციასთან და ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებული პროცესები სწორედ ასეთ თემას მიეკუთვნება. მივესალმებით ხელისუფლების მცდელობას, მოახდინოს ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან. ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება კონკრეტული სარგებელი მოუტანოს ჩვენს ხალხს, რასაც ბუნებრივია მხარს ვუჭერთ, მაგრამ ასევე მინდა პრინციპულად განვაცხადო - ნორმალიზების მცდელობა არ უნდა გადაიქცეს იმ ტიპის განცხადებებად, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთი მინისტრის მხრიდან ამ დღეებში, რაც პრაქტიკულად ამართლებდა ოკუპაციას. საუბარი იყო იმაზე, რომ უბრალოდ რუკების დაზუსტება ხდება GPS-ებით და არაფერი ახალი და საგანგაშო არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმალიზებას, მეორე მხრივ კი უნდა გავაგებინოთ რუსეთის, რომ ამ საოკუპაციო ზოლის გადმოტანა, მთლიანობაში ამ ზოლის არსებობა, მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის არის მიუღებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა მზად არის, უმრავლესობასთან ერთად მიიღოს საერთო რეზოლუცია.

"ჩვენ მზად ვართ, ჩავატაროთ კონსულტაციები უმრავლესობასთან, შევაჯეროთ პოზიციები და მათთან ერთად მივიღოთ საპარლამენტო რეზოლუცია-მიმართვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების და საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციების მიმართ. ეს იქნება უმცირესობის და უმრავლესობის ერთიანი და შეჯერებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ნებისმიერი ფორმით ე.წ. საოკუპაციო საზღვრის ხაზის გადატანა, როგორც ამას დღეს აკეთებს რუსეთი. ჩვენ მზად ვართ ამ კონსულტაციისთვის. მზად ვართ, მოვამზადოთ რეზოლუციის პროექტიც და ვთავაზობთ უმრავლესობას ამ საკითხზე შეხვედრას. ჩვენ ასევე ვთავაზობთ უმრავლესობას, კიდევ ერთხელ გაიაზრონ და კიდევ ერთხელ შევხვდეთ და ვისაუბროთ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რადგან ვფიქრობთ, რაც ბოლო დღეებში ხდება, ძალიან კარგად გამოაჩენს რუსეთის დამოკიდებულებას ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ გადავდგათ გაუაზრებელი ნაბიჯი, რომელიც რუსეთს ნებისმიერი ფორმით დაეხმარება ამ ოკუპაციის გაგრძელებაში. ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ არის, რომ უმრავლესობამ მიიღოს ქვეყნისთვის საზიანო კანონი და ჩვენ ამით გაგვიჩნდეს კრიტიკის თემა. ჩვენ გვირჩევნია, ასეთი კანონი არ იყოს მიღებული და ამით ქვეყანა არ დაზიანდეს, ამიტომ უმრავლესობას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ამ თემებზე კონსულტაციებს და მზად ვართ, აქაც მათთან ერთად მივიდეთ შეჯერებულ პოზიციამდე", - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ უმცირესობის სახელით მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვასთან დაკავშირებით.

"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი და შეჯერებული პოზიცია საკუთარი ინტერესების დასაცავად და უმცირესობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ის პოზიციები, რომელიც შეჯერებული იქნება უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იქნება ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მიმართებაში და მზად ვიქნებით გამოვიყენოთ ჩვენი ყველა უცხოური კონტაქტი და კომუნიკაცია ამ ერთიანი შეჯერებული სიგნალის გასაგზავნად ჩვენი პარტნიორებისთვის", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.

კომენტარები