ოკუპირებული რეგიონები

VOA: დიცის მცხოვრებს სახელმწიფო ეუბნება, რომ კუთვნილი მიწა ოკუპირებულია და არ ურეგისტრირებს

ილია ბერუაშვილი
ამერიკის ხმა

სოფელ დიცის მცხოვრებს, ილია ბერუაშვილს საჯარო რეესტრი უკვე 3 წელია ედავება, რომ მისი კუთვნილი ტერიტორია ოკუპირებულია და რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევს. რეალურად მიწა ოკუპირებული არ არის და რუსი ჯარისკაცების მიერ აღმართული ბანერი მისი ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარეობს. 

"ამერიკის ხმამ" გაარკვია, რომ ბერუაშვილს დიცის სხვა მცხოვრებლებთან ერთად რუს ე.წ მესაზღვრეებთან შეხლა-შემოხლა მრავალჯერ მოუწია, იბრძოლა, რომ კუთვნილი მიწა მისთვის არ წაერთმიათ, ახლა კი პრობლემა საქართველოს სახელმწიფოსთან ექმნება. 

ილია ბერუაშვილი "ამერიკის ხმასთან" ამბობს:  

"საჯარო რეესტრმა წააგო, ვინაიდან საჯარო რეესტრი თვლის, რომ ეს ტერიტორია არის ოკუპირებული, სინამდვილეში კი არ არის. ასევე, გაგვისაჩივრეს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოშიც წააგო საჯარო რეესტრმა და დაევალა, მიწა დაარეგისტრიროს ჩემს სახელზე. მაგრამ საჯარო რეესტრი ისევ ასაჩივრებს უზენაეს სასამართლოში, ახლა ველოდებით, უზენაესი სასამართლო მიიღებს თუ არა საქმეს განსახილველად. მე ვამტკიცებ, რომ ეს ტერიტორია არის ჩემი, შესაბამისად, არის საქართველოს ტერიტორია". 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ილია ბერუაშვილის ინტერესებს სასამართლოში იცავს. ორგანიზაციის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა "ამერიკის ხმას" უთხრა: 

"ილია ბერუაშვილმა, მისმა მეზობლებმა ძალიან დიდი წინააღმდეგობის შედეგად მოახერხეს ის, რომ საოკუპაციო ხაზი არ გავლებულიყო აქ, რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოგლიჯეს ოკუპანტებს და ახლა პირადად ჩვენს სახელმწიფოსთან შექმნა პრობლემა ბერუაშვილს. მან არაერთხელ თქვა სასამართლოზე, მე ოკუპანტებს გავაგებინე და შევაგნებინე, რომ ეს არის ჩემი მიწის ნაკვეთი და არ შეეძლოთ მისი წაღება და სამწუხაროდ, ჩემს სახელმწიფოს ვერ გავაგებინე, რომ ეს არის ჩემი მიწის ნაკვეთი და მასზე საკუთრების უფლება უნდა მიღიაროს".

კომენტარები