აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სახელმწიფო დეპარტამენტი: 2012 წელს საქართველო აშშ-სთან თანამშრომლობდა ტერორიზმთან ბრძოლაში

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2012 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ 2012 წელს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის მთავარობასთან თანამშრომლობას განაგრძობდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

"თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვერ ახორციელებს კონტროლს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ამ რეგიონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რუსეთთან საზღვრის დაცვის ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა", - ნათქვამია აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში. 

ანაგრიშში ასევე საუბარია 2012 წლის 13 თებერვალს საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ ინციდენტზეც. კერძოდ, 13 თებერვალს, თბილისში, ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის პოვნაზე.  

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და წარმატებით შეძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის ნეიტრალიზება. იმავე დღეს ისრაელის საელჩოს თანამშრომლების მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობლობები აღმოაჩინეს ტაილანდსა და ინდოეთში. განხორციელებული თავდასხმები კი ისლამური რევოლუციის მცველთა ძალებს დაუკავშირეს", - აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, 2012 წლის აგვისტოში, ლოპოტის ხეობაში ჩეჩენი ექსტრემისტების წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას. 

"საქართველოს მთავრობამ ეს შემთხვევა ტერორისტულ აქტად არ მიიჩნია, თუმცა, ნოემბერში, ქვეყნის ახალარჩეულმა მთავრობამ ხელახლა წამოიწყო მომხდართან დაკავშირებული გამოძიება", - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები