აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სახ. დეპ: საქართველოს კანონი და ეკლესია მართლმადიდებლობას ანიჭებს უპირატესობას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 199 ქვეყანაში რელიგიური თავისუფლების კუთხით სიტუაციის ანალიზს წარმოადგენს.

ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა წარადგინა. ტილერსონმა ძირითადი აქცენტი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ რელიგიური უმცირესობებისა და ეთნიკური ჯგუფების წინააღდეგ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებსა და დანაშაულებზე. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფებას ბრალი გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ედება.

ტილერსონის თქმით, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 80% რელიგიური შეზღუდვებისა და შეუწყნარებლობის ქვეშ ცხოვრობს. ამ მხრივ მან 7 ქვეყანა გამოარჩია - ირანი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ბაჰრეინი, ჩინეთი, პაკისტანი და სუდანი.

რაც შეეხება საქართველოს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის სრულ თავისუფლებას, სახელმწიფოსა და ეკლესიის განცალკევებასა და მოქალაქეების რელიგიური მრწამსის მიუხედავად მათ თანასწორობას. მიუხედავად ამისა, "კანონი და პოლიტიკა უპირატესობას ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და აძლევს ისეთ პრივილეგიებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სხვა რელიგიური ჯგუფებისთვის".

"გასული წლის განმავლობაში 19 საქმე იყო გამოძიებული, რომელიც შეიცავდა რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა ამგვარი დანაშაულების ეფექტური გამოძიების ნაკლებობა დააფიქსირეს. მთავრობა შეუსაბამოდ პასუხობს რელიგიური სიძულვილით ჩადენილ ქმედებებს და სკოლებში საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასარგებლოდ დისკრიმინაციას ახდენს", - წერია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ "არსებობს გავრცელებული საზოგადოებრივი აზრი, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნის კულტურული ღირებულებების წინააღმდეგ საფრთხეს წარმოადგენენ".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მუსლიმთა პირველი სამლოცველო გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს სამლოცველოები ციხეში. გარდა ამისა, "რელიგიური და არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა ეპოქაში სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული შენობების დაბრუნებაში ფავორიტიზმით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია სარგებლობს".

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს იმასაც, რომ გასულ წელს მედიის განვითარების ფონდის (MDF) კვლევის მიხედვით ეროვნულ მედიაში მინიმუმ 69 რელიგიური ნიშნით შეურაცხმყოფელი გამონათქვამი დაფიქსირდა.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩი და საელჩოს წარმომადგენლები რეგულარულად ხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელობას, პრემიერმინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, პრეზიდენტის მრჩეველს უმცირესობათა საკითხებში, რათა ხელი შეუწყონ დიალოგს მთავრობასა და უმცირესობის რელიგიურ ჯგუფებს შორის.

კომენტარები