ბიძინა ივანიშვილი

ენით ჩაკოდილი

პრემიერზე ან კარგი ან არაფერი

იქცა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საჯარო ფიგურად, დაკვირვებულმა მოქალაქეებმა ეგრევე შენიშნეს: ის უკეთ კითხულობს დაწერილს, ვიდრე ლაპარაკობს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, თავად დაწერა თუ რეფერენტები დაეხმარნენ. დაწერილი ტექსტის კითხვისას პრემიერი მშვიდი და მკაფიოა, მისი შეტყობინებების შინაარსი – გასაგები. სამაგიეროდ, ზეპირი, „უშპარგალკო" ლაპარაკის დროს ქვეყნის კონსტიტუციურად მესამე პირი უფრო უშუალოა, უფრო გულწრფელი, თავისუფალი და ეგებ უფრო იდენტურიც თავის თავთან.

საქართველოში არცერთი პოლიტიკოსის წარმოთქმულ სიტყვას არ მოსდევს იმდენი და თან ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული რეაქცია, რამდენიც ბიძინა ივანიშვილის საჯარო ზეპირ გამოსვლებს. მხოლოდ მას შეუძლია გახსნას ინტერპრეტაციების უკიდეგანო ველი, რამდენიმე წუთით მაინც უამრავი ადამიანი აქციოს მოყვარულ ფილოლოგად, რომელთაც მოუნდებათ ჩაავლონ და ჩაწვდნენ პრემიერის ზოგჯერ მოუხელთებელ საზრისებს. აი, პოლარულად დაცილებული გამოხმაურებანი მის სიტყვაზე:„რაც დრო გადის, ივანიშვილი უფრო ძლიერი, უფრო ღრმა და თვითდაჯერებული ხდება. ასეთი საუბრები სააკაშვილს არასდროს ჰქონია. როგორც იქნა, გვეღირსა და მოვიპოვეთ ნორმალური

ადამიანი ლიდერად. გენიალური ადამიანია, როგორც პოლიტიკოსიც და როგორც ჰუმანისტი. აბსოლიტურად (sic! - დ.პ.) გასაგები და პროგრესული აზროვნებით".

მოდი, მეორე ციტატა ამ ჯერზე არ გვინდა...

ჩა ჩა ჩა

პოლიტიკურ რიტორიკაში გაუწაფავობის მიუხედავად, პრემიერს აღმოაჩნდა უნარი, გაამდიდროს ქართული ენა და ეს გააკეთოს დახვეწილი სიძუნწით, ენის საშენი მინიმალური მასალით. ბატონი ბიძინას მეტყველება გვთავაზობს ჯერარსმენილ ნოვაციებს, როცა ის ზეპირი საუბრისას ერთად შეჰყრის მანამდე ერთმანეთისთვის უცნობ აფიქსებსა და ფუძეებს. ამ მოულოდნელი შეხვედრით პრემიერი გადაახალისებს სიტყვათა ძველ მნიშვნელობებს, დიდოსტატურად აბუნდოვანებს მათ. რაც მთავარია, ამას აკეთებს შეგნებული ძალისხმევის გარეშე, მორფოლოგიური დერივაციის პროცესებში დამხმარე მორფემები ფუძეს სიტყვათქმნადობის მიზნით გარდაქმნიან უნებლიეთ, ძალდაუტანებლად, მსუბუქად. ამავე დროს, ბატონი ბიძინა ექსპლუატირებს უკვე არსებულ, იშვიათად გამოყენებულ კანონიკურ ფორმებს, რაც მიუთითებს მის ფაქიზ ენობრივ გრძნობაზე: პრემიერმა იცის, სად მიაკვლიოს განძს ენაში და აქციოს იგი საყოველთაო მონაპოვრად. მას ზეპირად, პირის ერთი დაღებით გამოსდის ის, რასაც ზოგი მწერალი ჯაფის ფასად აღწევს.

ივანიშვილის იდეოლექტის სამარკო ნიშანი არის ჩა- ზმნისწინი, რომელსაც პრემიერი ან მისთვის ჩვეულ ზმნებს წაუმძღვარებს (ჩაკითხვა, ჩაჯინება), ან მანამდე უცხო ფუძეს შეუწყვილებს (ჩაზუსტება), ანაც ახალ სიცოცხლეს შესძენს კონტექსტის შეცვლით (შეკითხვის ჩაბრუნება). მაგრამ მთავარი აქ სულ სხვა, მე ვიტყოდი, ცხოვრებისეული მიდგომის გამოვლენაა;

ზმნისწინები ხშირად გამოხატავენ მოქმედების მიმართულებას. ჩა- ზმნისწინის ფუნქცია ამ მხრივ ერთმნიშვნელოვანია: ის „წარმართავს" მოქმედებას ზევიდან ქვევით. ივანიშვილის „ჩა"- უაღრესად მეტყველია: ის უთითებს არა მხოლოდ მოქმედების ვექტორს, არამედ ურთიერთობების, თამაშის წესების, მართვის და, თუ გნებავთ, გაგების არსს. ბატონი ბიძინას „ჩა"- იერარქიის, დაქვემდებარების აღმნიშვნელი, დაუწერელი ქართული იეროგლიფია. მისი ავტორი ზევითაა, ყველა დანარჩენი – ქვემოთ. წარმომთქმელს თითქოს აქვს განცდა, რომ მათ – პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ევროპელ პარლამენტარებს, ბიზნესმენებს – დაჰყურებს (ან ჩაჰყურებს: მისი სახლის ადგილმდებარეობაც თავისებურად უნდა ამაგრებდეს ამ განცდას). სიტყვა, როგორც პრემიერის ნების ემანაცია ჩამოდის მისგან და გასაჩივრებას, კრიტიკას, შეცვლას არ ექვებდებარება. „ჩა"- მკვეთრად ვერტიკალური ურთიერთობების, ხელისუფლების შესახებ მისი წარმოდგენის გამომხატველი ტევადი და უნებლიე სიმბოლოა. ჩა- ზმნისწინს ისედაც შეუძლია „დაამძიმოს" მოქმედება: ვთქვათ, „ციხეში ჩაალპო", „ჩაკლა", „ჩაახრჩო", „ჩა**ნა" (ბრუტალური კოიტუსი, გადატანითი მნიშვნელობითაც), ჩა***ვა (იგივეა, რაც „ძლიერ წაახდინა საქმე"), რუსულთან წილნაყარი, ჟარგონული „ჩაპიზდა", რაც ნიშნავს „სასტიკად გაუსწორდა". სანამ ივანიშვილს ვუსმენთ, ეს პატარა „ჩა"- ატარებს უპირატესად გადაწყვეტილებათა სიმკვეთრის, კატეგორიულობის, დამორჩილებისა და სისასტიკის სემანტიკას, რისგანაც ბოლომდე ვერ გათავისუფლდება, რაგინდ უჩვეულო ზმნასთან შეგხვდეს იგი – იქნება ეს ჩაახარა, ჩაღზევდა, ჩავეთანხმე თუ ჩავახერხეთ...

...მაგრამ აქაც კი პრემიერი ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანია ქართული კულტურისა და სიტყვიერების: რუსთაველთან ტარიელმა ჩახლართული კარვის კალთა ჩაჭრა და ჩააქარაბაკა, ვიდრე უდანაშაულო კაცს – სპარს სასიძოს ჩააძაღლებდა...

„შენ, ჩემო ნიჭო..."

პრემიერს აღსაქმელად ცოტა უთავბოლო და აბნეული ლაპარაკი აქვს. უჭირს დაიმორჩილოს ფრაზა, თავად დაემორჩილოს სინტაქსის კანონებს, ზოგჯერ ვერ აგნებს შესაფერ სიტყვებს და ცვლის მათ სრულიად უადგილო ერთეულებით: „დასასრული მოუვიდა"; „საკმაოდ ვეჩხუბე"; სპონტანური პასუხი მის ბაგეთაგან ხშირად მოასწავებს დანგრეულ კონსტრუქციას: „რამეთუ ევროპელები და ამერიკელები – ეს კოჰაბიტაცია, ურთიერთობა და ძალიან მკაცრი მოთხოვნები როგორ ხდება დაპატიმრებები. თვითონ რეაქცია პირველი დღიდან, პირველი დაპატიმრებიდან ჩვენი დღევანდელი ოპოზიციის აგრესიული დამოკიდებულება, რომ ყველა დაპატიმრება ითვლებოდა პოლიტიკურად, ყველა ჩვენი ქმედება ითვლებოდა შერჩევით სამართლად და ამის მაქსიმალური აჟიტირება ხდებოდა". მეტყველებისას ზოგჯერ ახასიათებს შეფერხება, ხანდახან – უეცარი, ხანმოკლე წყვეტა. პრემიერი, იშვიათად ხდება, მაგრამ სწრაფად გადადის ერთი თემიდან მეორეზე, მაგალითად, კითხვის პასუხიდან ჟურნალისტის კიცხვა-შეტევაზე. რა ხდება ამ დროს მის თავში – იბლოკება აზრები, იდეები „ხტიან", თუ მსგავსი შეფერხებები უბრალოდ მიუთითებს შფოთვას საჯარო გამოსვლის დროს – დანამდვილებით ვერ იტყვი. ფაქტია, რომ გარკვეული მსუბუქი ანომალიები მას აღენიშნება მეტყველების დროს. თუმცა, ეს სულ არ უშლის ხელს, ახლოს იყოს ხალხთან, ხოლო ხალხს უყვარდეს და ესმოდეს მისი.

ასეთი ლაპარაკი შესაძლოა, ვინმეს მომაბეზრებელი ეჩვენოს, მაგრამ მობეზრება – მსმენელის პრობლემაა და არა ივანიშვილის. პრემიერის სიტყვებზე დაკვირვება ღირს მისი გამოსვლიდან გამოსვლაში გარდამავალი ძირითადი მოტივების შესამჩნევად. განმეორებადი მოტივები ამჟღავნებენ ბატონი ბიძინას ინტენციებს, რომელთაც, გადის დრო და ის ხორცს ასხამს. მეტყველების სტილისტური ერთფეროვნება და უღიმღამობა მშვენიერი მახეა საიმისოდ, რომ გაატარო ან მნიშვნელობა არ მიანიჭო თემებსა და ზედაპირზე ამოსულ ქვეტექსტებს, ან გეგონოს, რომ ივანიშვილი ტყუილად ლაპარაკობს.

ერთი ასეთი გამჭოლი მოტივი არის „დანაშაულებრივი სისტემა". პრემიერს არაერთხელ უსაუბრია მის ჩამოყალიბებაზე. ერთი ასეთი გამოსვლის დროს მან თქვა: „ამ სისტემის მსხვერპლი გახდნენ ძალიან ბევრი ყოფილი ჩინოვნიკები. ჩემი აზრით, ამ სისტემის მსხვერპლია ძალიან ბევრი, თვითონ მისი დამფუძნებელი – სააკაშვილი და მისი ძირითადი იდეოლოგები".

თუ გაიხსენებ, რომ „მსხვერპლი" დღეს საქართველოს პრეზიდენტად მუშაობს, ხოლო ერთ-ერთ ძირითად იდეოლოგად ხალხის მიერ შერაცხილი კაცი – უშიშროების საბჭოს მდივნად, არც ისე ძნელი მისახვედრია, რომ ივანიშვილი მათში, შესაძლოა, სამომავლო ზვარაკებს ან, მინიმუმ, მე-8 საპყრობილის ბინადრებს ხედავდეს.

აღარაფერს ვიტყვი რუსულ ბარბარიზმებზე; ბატარეიკა, კამანდიროვკა, რანიმი, პაეზდკა, ვერტალიოტი, ისევე როგორც „სამცხე-თიანეთი" ან „შევიდეთ ანალიზში" ლაპარაკობს არა პრემიერმინისტრის დაბალ ინტელექტზე – არამც და არამც; ინტელექტი აქ არაფერ შუაშია – არამედ ფუნდამენტური განათლების დეფიციტზე. პრემიერ ივანიშვილის ცოდნის არათუ ძირითადი – ერთადერთი! წყარო, როგორც ჩანს, მისივე გამოცდილებაა. მას, შესაძლოა, ღრმა და სისტემური განათლება არ მიუღია, მაგრამ სწავლა შეუძლია ნამდვილად. თვითშეფასებაც ადეკვატური აქვს და კარგად გათლილი, უცხადესი ფრაზით შეუძლია ჩამოაყალიბოს: „მე დიდი დემოკრატი ვარ, პრინციპების ერთგული, პირდაპირი და სუფთა".

...ახალ ცოდნას ბატონი ბიძინა მოულოდნელად გამოავლენს ხოლმე: 17 მაისის საღამოს, სასულიერო წოდების დარაზმულ მასათა ძალადობრივი თარეშის შემდეგ პრემიერმა მხოლოდ ინგლისურ ენაზე გააკეთა პირველი განცხადება.
ოღონდ ჯერ წერილობით.

კომენტარები