საქართველოს პარლამენტში მრეწველები ახალ ფრაქციას ქმნიან. ამის შესახებ განაცხადი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში უკვე შევიდა. კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის თქმით, პარლამენტში რაოდენობით მეათე ფრაქციის შექმნის შემდეგ, შესაძლებელია კომიტეტებში წევრთა რაოდენობა გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი დღეს ბიუროზე გავა, სადაც ფრაქციას რეგისტრაციაში გაატარებენ.
"დღეს შემოსული იყო ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი. აღნიშნული საკითხი განვიხილეთ და გადავუგზავნით ბიუროს, რომელიც რეგისტრაციას გაატარებს. ეს არის რიგით მე-10 ფრაქცია და მის შემადგენლობაში შედის 6 წევრი, მათგან ორი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატია, კერძოდ, ბაღდათისა და სამტრედიის მაჟორიტარები", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
ფრაქციის თავმჯდომარე გოგი თოფაძე იქნება, ხოლო მოადგილე - ზურაბ ტყემალაძე.





