სასამართლო რეფორმა

ივანიშვილი: ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად დაიწყოს არსებობა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა. პრემიერის Facebook-ის გვერდზე ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკვე ამოქმედებული საკანონმდელო ცვლილებები გადამწყვეტი როლს ითამაშებს სასამართლოს დამოუკიდებლობის დამკვიდრების საქმეში.

"დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია და ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ და საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პოლიტიკურმა ძალამ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ სასამართლო სისტემამ ჩაურევლად დაიწყოს არსებობა და განვითარება", - ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი 9 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ "მოსამართლეები დამოუკიდებლად და კვალიფიციურად გამოიყენებენ მათთვის მინიჭებულ გაზრდილ უფლებებს" და აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს რეფორმირებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

"ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემისთვის, არ გამოვრიცხავ, გარეშე პირებს გაუჩნდეთ იმის ცდუნება, რომ ზეგავლენა მოახდინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნების შედეგებზე. ეს დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, გარანტირებული უნდა იყოს მის საქმიანობაში ჩაურევლობა.

მჯერა, რომ დღეს საქართველო ისე ახლოს არის დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების მიზანთან, როგორც არასდროს. დარწმუნებული ვარ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე მის გარეთ, ყველა აცნობიერებს ამ მოვლენის მნიშვნელობას. ამიტომ, ყველამ ერთად შევუწყოთ ხელი მოსამართლეებს, რათა მათ შეძლონ დამოუკიდებლად და ჩაურევლად გააკეთონ საკუთარი არჩევანი", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

კომენტარები