ოკუპირებული რეგიონები

ფანჯიკიძე: რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტას გავუგზავნით

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უწყება რუსეთის ფედერაციას, შვეიცარიის საელჩოს გავლით, საპროტესტო ნოტას გაუგზავნის. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის თვითნებურად გადმოწევის ფაქტზე,

"რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის საელჩოს გავლით გაეგზავნება საპროტესტო ნოტა. ასევე, ეს საკითხი დადგება ჟენევის მოლაპარაკებებზე. მე ამ თემაზე მიმდინარე კვირას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზეც ვისაუბრებ. გარდა ამისა, 5 ივნისს დაგეგმილია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა, რომელზეც ეს საკითხი განიხილება. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რადგან ამგვარი თვითნებური ქმედება საერთაშორისო ნორმების დარღვევაა, შესაბამისად, მოვითხოვთ დღემდე არსებული მდგომარეობის აღდგენას", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებთან, დიცთან და დვანთან, ე.წ. საზღვარი გადმოსწიეს. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა დიცთან სასაზღვრო ნაგებობების დამონტაჟება დაიწყეს. 

კომენტარები