დამოუკიდებლობის დღე

ივანიშვილი: პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო არავინ დაისჯება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დამოუკიდებლობის იდეა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. სწორედ ამ ქვაკუთხედზე უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ინსტიტუტები, იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული, სრულფასოვანი წევრი. ეს არის რთული, უდიდესი პასუხისმგებლობით გასავლელი გზა.
ჩვენ ვალდებული ვართ საქართველო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს, ცივილიზებული ცხოვრების წესზე გადავიყვანოთ." - ნათქვამია პრემიერმინისტრის მიმართვაში.

ივანიშვილი ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებზეც საუბრობს:

„ჩვენ დიდი ტრადიციების ქვეყანა ვართ, მაგრამ თითქმის არა გვაქვს დემოკრატიაში ცხოვრების გამოცდილება. ეს უნდა ვისწავლოთ ყველამ – ხელისუფლებამაც და ხალხმაც. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების მოწესრიგება, დეოკუპაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი მედია - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ჩვენს წინაშე მდგარი უმთავრესი გამოწვევები.
ჩვენ ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. სახელმწიფომ, კანონმა და სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა, თორემ, სხვანაირად, უსამართლობა ახალ უსამართლობას შობს, ძალადობა - ახალ ძალადობას, და აღარ დამთავრდება ქიშპი და ანგარიშსწორება, ქვეყანაში განუკითხაობა დაისადგურებს და ფეხზე ვეღარასოდეს წამოდგება."

პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია:

„პირობას გაძლევთ, რომ წინ აღვუდგებით ნებისმიერ უკანონობას. ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქვეყანაში ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. პირობას გაძლევთ, განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება.
ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ადათ–წესების, მაგრამ ახლის შეთვისება და შექმნაც ქართული ტრადიციის განუყრელი ნაწილია.
ჩვენ ღირსეული უნდა ვიყოთ არა მარტო ჩვენი ტრადიციების ერთგულებაში, არამედ სხვათა წეს–ჩვეულებებისა და ტრადიციების პატივისცემაში. ჩვენ ყოველთვის კრიტიკულად უნდა მივუდგეთ როგორც ფსევდოტრადიციულობაში ჩაკეტილ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ მსოფლმხედველობას, ისე ყოველივე უცხოურის, ყოველივე ახლის დაუფიქრებელ, გაუაზრებელ მიმბაძველობას."

ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებლობის დღეს სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებსაც ულოცავს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას სერთო მიზანი აერთიანებს: დემოკრატიული საქართველო, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს:

„ჩვენ უნდა გავხდეთ სტაბილური და ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენსკენ მოვატრიალოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ერთად უნდა ავაშენოთ საერთო სახელმწიფო, რომელიც სამშობლო იქნება ყველასათვის.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, რომელთა გმირობა და თავგანწირვა ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვას ემსახურება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მომავლის შენების პროცესში თავისი როლი შეასრულონ უმცირესობების, ყველა ეროვნების, ყველა ასაკის, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა.
ჩვენ, ყველას, გვაერთიანებს საერთო მიზანი, და ეს არის დემოკრატიული საქართველო. ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს შექმნა, სადაც პატივს სცემენ განსხვავებულ აზრს, სადაც პატივს სცემენ ადამიანის არჩევანს, სადაც მოქმედებს სამართლიანი კანონები და ამ კანონებს ემორჩილებიან, სადაც სასამართლოს განაჩენი მიუკერძოებელია, სადაც ბიზნესი თავისუფალია." - აცხადებს პრემიერმინისტრი.

 

კომენტარები