ელიტური კორუფცია

გივი თარგამაძე ხელისუფლებას ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე ხელისუფლებას ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თარგამაძემ დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

საქმე შეეხება ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესს. თარგამაძის განცხადებით, ეს პროცესი კორუფციული გზებით მიმდინარეობს:

„წარმოგიდგენთ ახალი ხელისუფლების მხრიდან ელიტურ, შეიძლება ითქვას, სუპერ-ელიტურ კორუფციის მორიგ ფაქტს. საქმე ეხება ობიექტს, რომელსაც პრემიერმინისტრი პრეზიდენტის დაჩას ეძახდა. დღეს ალბათ გასაგებია, რომ, როგორც ჩანს, იმთავითვე მოეწონა და ესეთი ობიექტის ქონა თავის საკუთრებაში მოინდომა." - ამბობს გივი თარგამაძე.

მისივე თქმით, თავის დროზე, გაცხადებული იყო, რომ პრეზიდენტი ამ ობიექტს არ იყენებდა და დაგეგმილი იყო მისი ეკონომიკის სამინსიტროსთვის გადაბარება:

„სწორედ გადაბარება ხდებოდა ამ დღეებში - სააგენტო ობიექტს ეკონომიკის სამინისტროს გადასცემდა,მოსული იყო სააგენტოს ბუღალტერი, სამინისტროს წარმომადგენელი და ასევე, საოცარი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ობიექტზე გაურკვეველი მიზეზებით მოხვდნენ - ისინი იქ არ უნდა ყოფილიყვნენ" - ამბობს თარგამაძე.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ობიექტზე „ფაქტობრივად გადამბარებლის სტატუსით" იმყოფებოდნენ, აღმოჩდნენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მეუღლე და მისი სამი მეგობარი. ასევე გიორგი საღინაშვილი, რომელიც, თარგამაძის ინფორმაციით, მერიის სტრუქტურებში მუშაობდა და თავის დროზე კორუფციის ფაქტზე იყო დაკავებული. თარგამაძე ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსი, რევაზ მუმლაძე, ხელისუფლების შეცვლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი საკუთრების, ბაკურიანის კომპლექსის დაცვის უფროსი იყო, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, მოგვიანებით კი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

"ჩვენ გვესმის, რომ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის იქნება, სოჭის ოლიმპიადის ჩატარების შემდეგ, რუსეთის ამჟამინდელ მეფეს პუტინს ყოფილი მეფის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე მიიღებს", - აცხადებს გივი თარგამაძე.

 

კომენტარები