თბილისის მერი

უგულავა: პოლიცია სახელმწიფო ინსტიტუტია და არა რომელიმე ხელისუფლების საკუთრება

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის მერი, გიგი უგულავა პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს. პოლიციელებისადმი მიმართვა, გიგი უგულავას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. 

"თბილისელებისა და ქალაქის თვითმმართვეობის სახელით გულითადად გილოცავთ პოლიციის დღეს, რომლის აღნიშვნა კარგა ხანია ტრადიციად იქცა. ამ ტრადიციას საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როდესაც ქართულმა პოლიციამ საზოგადოების გულწრფელი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, ხოლო მისდამი ნდობა ნულიდან, თითქმის 90 პროცენტამდე გაიზარდა. 
სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ბოლო დრომდე თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლებოდა, ხოლო თბილისელებსა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებს აღარ ეშინოდათ ქუჩაში დღისით თუ ღამით გამოსვლა. ეს იყო ნამდვილი ომი კრიმინალის, ე.წ ძველბიჭური მენტალობის, ქურდული ტრადიციების, ანარქიისა და თავაშვებულობის წინააღმდეგ. ამ ომში პოლიციელებმა მთელ საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვეს",- ნათქვამია გიგი უგულავას მისალოც განცხადებაში. 

დედაქლაქის მერის თქმით, ”სამწუხაროა, რომ წელს პირველად, ორგანიზატორებმა საჭიროდ არ ჩათვალეს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალაქის მერის, ისევე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მიწვევა”. 

"პოლიცია სახელმწიფო ინსტიტუტია და არა რომელიმე ხელისუფლების საკუთრება. იმედს ვიტოვებ, ამჟამინდელი მთავრობა სამომავლოდ მაინც გააცნობიერებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მეტია, ვიდრე კონკრეტული პარტია, თუნდაც ხელისუფლებაში მყოფი. თუმცა, ეს სამწუხარო გარემოება არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ: დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ შეინარჩუნოთ ჩვენი ხალხის სიყვარული და პატივისცემა, რათა კვლავაც პირნათლად მოიხადოთ პატრიოტული ვალი თანამემამულეებისა და სამშობლოს წინაშე.
გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებასა და სიმტკიცეს - თითოეული მოქალაქის და მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ",- ნათქვამია დედაქალაქის მერის მიმართვაში. 

კომენტარები