შრომის კოდექსი

შრომის კოდექსის მეორე მოსმენით დამტკიცებას 2 დეპუტატის ხმა დააკლდა

www.parliament.ge

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით კენჭისყრაზე ჩავარდა. კანონპროეტის შემდეგ ეტაპზე გადასვლას 2 დეპუტატის ხმა დააკლდა. ცვლილებებს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, მაშინ როცა მის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.


ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, დეპუტატებთან კონსულტაციები გაგრძელდება და მოხერხდება მათი იმაში დარწმუნება, რომ ცვლილები არის ძალიან მნიშვნელოვანი.
"ამ კანონის ძალიან სერიოზული მნიშვნელობა ყველას გვესმის. ცვლილების მიღებას ელიან დასაქმებულები, დამსაქმებლები და საერთოდ მთელი საქართველო. დღეს კანონპროექტის ვერ გასვლა არ ნიშნავს, რომ ის საბოლოოდ არის უარყოფილი. ინიციატორები, კომიტეტი ამ თემაზე იმსჯელებენ და კანონპროექტის კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გატანა, შემდეგ სასესიო კვირას შეგვეძლება. იმედი მაქვს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება და მოვახერხებთ კოლეგების იმაში დარწმუნებას, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი და კონსენსუსის შედეგი", - განაცხადა უსუფაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით კოალიცია ქართული ოცნების წვერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ამჟამად განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ შრომის ახალი კოდექსის პროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, უმუშევრობას გაზრდიდა. მარგველაშვილის აღნიშნულ განცხადებას პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი იზიარებს განათლების მინისტრის პოზიციას.
მთავრობის ინიციატივას აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა საპარლამენტო უმცირესობაც. თუმცა, მათ გარდა, კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლებიც. სწორედ ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მთავრობამ შრომის კოდექსის პროექტში მათ სასარგებლოდ მთელი რიგი მუხლების კორექტირება მოახდინა.

კომენტარები