შრომის კოდექსი

დამსაქმებლები შრომის კოდექსის ახალ პროექტში ცვლილებას ითხოვენ

parliament.ge

დამსაქმებელები ვადიანი კონტრაქტების საკითხზე პარლამენტში წარდგენილ შრომის კოდექსში ცვლილებას ითხოვენ. პარლამენტის მიერ პირველი მომსმენით მიღებულ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის თანახმად უვადო კონტრაქტებია განსაზღვრული. დამსაქმებელს შეუძლია, დასაქმებული მხოლოდ პირველი ექვსი თვის განმავლობაში გამოსაცდელი ვადით აიყვანოს, ამის შემდეგ კი კონტრაქტი უვადოდოდ იდება. პროექტი კონტრაქტის შეწყვეტას მხოლოდ კონკრეტული მიზეზების შემთხვევაში ითვალისწინებს. დამსაქმებლების პროტესტის შემდეგ, მთავრობა პარლამენტში შევიდა ინიციატივით, 6-თვიან გამოსაცდელ ვადას 2 წლიანი კონტრაქტი დაემატოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიდოს უვადო კონტრაქტი. თუმცა დამსაქმებლებისთვის ეს პირობაც მიუღებელია. 

"მოგიწოდებთ, საკითხი უფრო სტრატეგიულად განიხილოთ. 30-თვე დიდი შეღავათია და ამისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ ჩვენ გვაქვს შემოთავაზება: ვეთანხმებით 6-თვიან გამოსაცდელ ვადას, შემდგომში მოვითხოვთ ერთწლიან კონტრაქტს, ამ ერთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ორწლიან კონტრაქტს და შემდგომში უვადო კონტრაქტს. საერთო ჯამში განსხვავება მხოლოდ ექვსი თვე იქნება. უმუშევრობა იზრდება და ჩვენ გვჭირდება მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი. ჩვენი ეს შეთავაზება უზრუნველყოფს პოზიტიურ ფსიქოლოგიურ მექანიზმს ინვესტორებისათვის, რადგან ისინი არ იგრძნობენ თავს შეზღუდულად ორ წლიან და 6-თვიანი კონტრაქტის ფარგლებში," განუცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს. 

კომიტეტს დამსაქმებელთა სახელით ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სარა ვილიამსმაც მიმართა. მან კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველთა ჩამონათვალში "სხვა ობიექტური გარემოებების" დამატება ითხოვა. 

ბიზნესსექტორის თხოვნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალესანდრე ბარამიძე გამოეხმაურა. 

"კანონპროექტში ცვლილების შეტანა მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან კეთილი ნება იყო. ასეთი მიდგომა ჩვენ არ მოგვიგონია და ასახულია ევროკავშირის დირექტივაში, რომლის მიხედვით, ხელშეკრულბების უნდა იყოს უვადო, ხოლო მაშინ როცა ვადიანია, მისი ხანგრძლივობა და რაოდენობა უნდა იყოს შემოფარგლული. ეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივაა, საითკენაც ყველანი ვისწრაფით. ორწელიწადნახევრიან ხელშეკრულებაზე ჩვენ კონსულტაციების შედეგად შევჯერდით და რაკი შევჯერდით ასე დარჩება," განაცხადა ბარამიძემ. 

 

კომენტარები