პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბარნოვი: პრეზიდენტის სასახლეში დღეს ორი პირი უნებართვოდ იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს, 24 აპრილს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლეში დღის პირველ ნახევარში ორი პირი უნებართვოდ იმყოფებოდა.

მისი განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა მოახერხეს ე.წ. სასერვერო და ე.წ. სვიჩრუმის ოთახებში შესვლა. ბარნოვის თქმით, ე.წ. სვიჩრუმის ოთახში ინახება ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შიდასაკომუნიკაციო ქსელში არსებობს. 

"არ მაქვს ინფორმაცია, გაიტანეს თუ არა ინფორმაცია, თუმცა, არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ეს პირები 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის შენობაში. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მათთვის მოსმენები მიუღებელია, რა უნდოდათ ამ ადამიანებს და რა მიზნით იყვნენ ისინი, მით უმეტეს იმ ადგილას, საიდანაც პრეზიდენტის სასახლეში არსებული შიდასაკომუნიკაციო ქსელიდან ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეუძლიათ?! მივმართავთ სათანადო სამსახურებს, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან დაკავშირებით და საზოგადოებას მიეწოდოს გასაგები და სწორი ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა ბარნოვმა. 
მისივე თქმით, ამ პირებმა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც მათი არსებობის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მათ შორის, ბარნოვის მოადგილემ გაიგო. 
"დღეს, დღის პირველ ნახევარში, ყოველგვარი მოთხოვნისა და ინფორმირების გარეშე ორი გაურკვეველი პიროვნება მოვიდა რაღაც ვერცხლისფერი მანქანით. ამის ვიდეომასალა არსებობს, რომელიც ნახეს ჩვენმა თანამშრომლებმა და გამოვითხოვთ მას. შემოვიდნენ იმ შემოსასვლელიდან, რომელი შემოსასვლელიდან შემოსვლის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, პატრიარქს და პრემიერმინისტრს. არანაირი ნებართვა დაცვას, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია, არ ჰქონდა მათი შემოშვების, თუმცა ისინი შემოუშვეს და ეს იყო უკანონობა, რადგან ჩემი ნებართვის გარეშე შენობაში შესვლის საშუალება არ უნდა მისცენ. შემდეგ, სახანძრო დაცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც ექვემდებარებიან ამავე პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მათ გადასცეს ე.წ. სასერვეროს გასაღები. მეორე გასაღები, რომელიც არის ე.წ. სვიჩრუმის გასაღები, მათ თვითნებურად მოიპოვეს ჩვენი IT სამსახურის უჯრიდან. შევიდნენ ამ ოთახში ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და უცნობი მიზნით. შემდეგ, ჩემი მოადგილე და IT სამსახურის ხელმძღვანელი მალევე დაადგნენ თავზე და ჰკითხეს, რა უფლებით შემოვიდნენ და რას საქმიანობდნენ. ძალიან დაიბნენ, არანაირი განმარტება არ მიუციათ და თქვეს, რომ მათ ასე უთხრეს და მივიდნენ. ვინ უთხრა, ვერც ეს დაასახელეს. სასწრაფოდ აკრიფეს ყველაფერი და დატოვეს შენობა. მივმართავ საზოგადოებას, რომ თავად დაარქვას სახელი იმას, რაც ხდება და რამდენად შეესაბამება პრემიერის და მისი გუნდის განცხადებებს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება არის დაცული", - აღნიშნა ბარნოვმა.

კომენტარები