პრემიერის გამოსვლა

ელენე ხოშტარია: ეს არის არა წინა ხელისუფლების, არამედ საქართველოს შედეგების დისკრედიტირება

 

პრემიერმინისტრმა ევროსაბჭოში გამოსვლისას აქცენტები არასწორად დასვა,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ევროპულ აუდიტორიას ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა მოლოდინი, რომ ის ისაუბრებდა ქართული პოლიტიკის ორ მნიშვნელოვან მომენტზე: ერთი - როგორ ვითარდება ქართული დემოკრატია, მეორე - რა საფრთხეები აქვს საქართველოს და რა სჭირდება ევროპისგან.

"ეს იყო ფორუმი, სადაც ჩვენ უნდა დაგვეყარა არგუმენტები, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი და რა ამოცანები გვაქვს. რატომ უნდა გახდეს საქართველო NATO-სა და ევროკავშირის წევრი" - აღნიშნა ხოშტარიამ.

კონკრეტული არგუმენტების მოყვანის ნაცვლად, ხოშტარიას თქმით, პრემიერმა მხოლოდ გაკვრით ახსენა NATO და ევროკავშირი.

ელენე ხოშტარია პრემიერის გამოსვლის ფუნდამენტურ შეცდომად მიიჩნევს იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტის და მისი მთავრობის რიტორიკამ მოიტანა 2008 წლის ომის შედეგი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, ხოშტარიას თქმით, საპარლამენტო ასამბლეაზე დასმულმა კითხვებმა არაერთხელ მისცა პრემიერს შანსი, ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნოწმენდაზე გაეკეთებინა აქცენტი, მაგრამ მან არცერთი ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.

"ჩვენ ამით ვახდენთ ჩვენი ისტორიის გადახედვას. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რუსეთთან პრობლემები, კერძოდ, 2008 წლის ომი, მოიტანა არა იმან, რომ რუსეთს აქვს იმპერიული ამბიცია საქართველოსთან მიმართებაში და მოახდინა აგრესია, არამედ იმან, რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მისი აზრით, არასწორი იყო აქცენტის გაკეთება იმაზეც, რომ ევროპის საბჭოს წინა ხელისუფლება ატყუებდა. "ეს არის არა წინა ხელისუფლების, არამედ საქართველოს შედეგების დისკრედიტირება. მეორე არის ის, რომ გაიტანა ის შიდა დაპირისპირება, რომლის გატანის აუცილებლობა არ იყო. პრემიერს უნდა დაეფიქსირებინა, რომ ჩვენ შეგვიძლია კოაბიტაცია, მიუხედავად შიდა დაპირისპირებისა", - აღნიშნა ხოშტარიამ.

კომენტარები