განათლება

ამერიკული აკადემია PreTOEFL-ის ტესტირების შედეგებს აუქმებს

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში 20 და 21 აპრილს ჩატარებული PreTOEFL-ის ტესტირების შედეგებს აუქმებს - ამის შესახებ აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ტესტირებისას სერიოზული დარღვევების აღმოჩენა: „გარეშე პირების ჩარევით“, აკადემიაში ჩაბარების მსურველი მოსწავლეებისთვის რეალური საგამოცდო მასალა გახდა ხელმისაწვდომი.

გამოცდა, რომელიც წერითი ფორმის იყო, საერთაშორისო განათლების ცენტრში ჩატარდა. გამოცდას აბარებდა 86 ბავშვი. ტესტის ჩაბარების საფასური კი 120 ლარს შეადგენს.

ამერიკული აკადემია აცხადებს, რომ საერთაშორისო განათლების ცენტრთან ერთად, აღშფოთებულია და მომხდარზე შესაბამის რეაგირებას გეგმავს. ამასთან, აკადემიაში მსგავსი ფორმატის მქონე ტესტის შექმნაზე მუშაობენ, რომლის ადმინისტრირებასა და შეფასებას ამერიკული აკადემია თავად მოახდენს საფასურის გარეშე. ახალი გამოცდა ინგლისურ ენაში 1 მაისს ჩატარდება.

განათლების საერთაშორისო ცენტრში აცხადებენ, რომ მათი არსებობის მანძილზე მსგავსი სამწუხარო შემთხვევა პირველად მოხდა.

ამერიკული აკადემიის საგარეო ურთიერთობათა დეკანი ია თოფურია ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ რამდენადაც მათთვის ცნობილია, საგამოცდო მასალის გაჟონვა ერთ-ერთი ენის მოსამზადებელი ცენტრიდან მოხდა, თუმცა კონკრეტულად რომლისგან, უცნობია. აკადემიაში აღნიშნავენ, რომ მომხდარში განათლების საერთაშორისო ცენტრი დამნაშავე არ არის.

 

 

 

კომენტარები