პრეზიდენტის გამოსვლა

სააკაშვილი: სიამოვნებით ვიქნები პრემიერმინისტრისა და ახალი პრეზიდენტის კონსულტანტიც

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, რომ მზად არის, პრემიერ ივანიშვილის პირადი კონსულტანტი იყოს, იმისთვოს რომ ქვეყანა გადარჩეს.

"სიამოვნებით ვიქნები პრემიერმინისტრისა და ახალი პრეზიდენტის კონსულტანტიც, რათა საქართველო გადავარჩინოთ. მზად ვარ, მათ ჩემი პოლიტიკური გამოცდილება გავუზიარო. დღეს მთელი საქართველო ეგზისტენციალური საფრთხეების გააზრებაში უნდა ჩაერთოს". - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, რჩება თუ არა პოლიტიკაში, პრეზიდენტმა უპასუხა, "იურისტი ვარ, მაგრამ ახლა იურისტობას აღარ ვაპირებ. აქ საკითხად დგას იმ მონაპოვრების გადარჩენა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც პირადად ჩემზე იქნება დამოკიდებული, რომ ეს მონაპოვრები გადავარჩინოთ. და მეორე, რასაც ასევე გავაკეთებ, შევეცდები, რომ ახალ ხალხს გავუხსნა გზა პოლიტიკაში. თუ ტრაქტორისტად არავინ არ ამიყვანს და ეჭვი მაქვს, რომ არ ამიყვანს, მე მქონდა და ახლაც მაქვს შემოთავაზებები საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, სერიოზულ თანამდებობებზე, მაგრამ ჩემი გული და სული არის საქართველოში ... სანამ საქართველო არ იქნება თავისუფალი, მე ამ ბრძოლიდან არ გავალ. სანამ საქართველო ამ ბრძოლაში ბოლომდე არ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა ჯერ თავიდან ავიცილოთ კაპიტულაცია, დამარცხება და ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საბოლოო გამარჯვებისთვის. სანამ საქართველო არის ოკუპირებული და არ არის ბოლომდე ჩაბეტონებული ევროატლანტიკურ სივრცეში, სანამ რუსეთი არის ასეთი საშიში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მობილიზებულები და, რაც მთავარია, არაფერი დავუშავოთ ჩვენს ქვეყანას, შევინარჩუნოთ, რაც არის და წავიდეთ წინ. და თუ ამ მთავრობას შევუწყობ ხელს და ამ გამოცდილებას გავუზიარებ, მე დიდი სიამოვნებით ვიქნები მათი უფასო კონსულტანტი. ამას ვამბობ როგორც ჩემს შეთავაზებას პრემიერმინისტრისადმი, არა როგორც პარტიული ლიდერი. სიამოვნებით ვიქნები მისი კონსულტანტიც ამ არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის კონსულტანტი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ჩვენი ქვეყნის წინსვლა გვინდა. ეს იქნება ყველაზე დიდი ჯილდო, რაც შეიძება მივიღო - გადავრჩეთ საფრთხეებისგან და წავიდეთ წინ. თუ კონსულტანტად მიმიღებენ, ვფიქრობ, ბევრად უფრო სიამოვნებით ვიქნები მათი კონსულტანტი, თუ რჩევას გაიზიარებენ, თუ არადა ყოველთვის არსებობს პოლიტიკაში ფორმა... დღეს", - განაცხადა სააკაშვილმა. 

კომენტარები