პრემიერმინისტრი

პრემიერმა ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

’’საქართველოს უახლეს ისტორიაში დამკვიდრებულმა მმართველობის სტილმა და ფორმებმა საზოგადოების თვალში სრულიად წაშალა ზღვარი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. საზოგადოება წლების განმავლობაში იყო მომსწრე იმისა, რომ ერთი პოლიტიკური ძალა დომინირებდა ხელისუფლების ყველა დონეზე და დღემდე უჭირს ახალი რეალობის აღქმა, როდესაც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არის გადაწყვეტილების მიმღები. სწორედ ამ დამკვიდრებული პრაქტიკის გამო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალის ცვლილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია პოლიტიკური ძალების შეცვლა. ამასთან, საქართველოში დამკვიდრდა სამწუხარო ტრადიცია იმისა, რომ ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკურ კუთვნილებას იცვლიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალა. 
სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა’’, - აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის ერთგულია. 

’’ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის, მოვალეობაა არ დავუშვათ ქაოსი და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ კანონდარღვევის ფაქტებზე. ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა. ახალი კადრების მოძიება კი უნდა მოხდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, სათანადო წესით ჩატარებული კონკურსების მეშვეობით.
აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება’’, - ნათქვამია განცხადებაში.,

აქვე აღსანიშვნავია აღნიშნულ საკითხზე პრემიერის წინა განცხადებები, მათ შორის მისი 18 თებერვლის შეხვედრისას არასამთავრობო ორგანიზაციებთან.  

“გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა როგორც უნდა გათავისუფლდნენ, ეს კითხვა დამრჩა და იქნებ განმიმარტოთ” -განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.  აღნიშნულ  შეხვედრაზე სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა , ნინო ლომჯარიამ და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს  წარმომადგენლმა,  ლევან ნატროშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და საჯარო სექტორიდან თანამშრომლების ზეწოლის შედეგად გათავისუფლებაზე ისაუბრეს. რის საპასუხოდაც პრემიერმა  აღნიშნა, რომ  ის არ აპირებდა ადგილობრივ დონეზე აღნიშნულ პროცესში ჩარევას და გამგებლების ჩანაცვლებას, თუმცა მას ურჩიეს, რომ ”ჩაურევლობა უარესი იქნებოდა”. 

”ამ ცვლილებებს დიდი ემოციური ფონი ახლდა. ჩემი პოზიცია თავდაპირველად იყო, რომ არ ჩავრეულიყავით ამ პროცესში და ყოფილიყვნენ ძველი გამგებლები. ეს ჩვენთვის უკეთესიც იყო, რადგან მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა ისედაც დიდი აქვს, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩაურევლობა იქნებოდა უფრო უარესი, თუმცა სახეზე მივიღეთ კოალიციის რამდენიმე წევრის ჩარევის უბადრუკი შემთხვევები. ბუნებრივია, ეს არ იწვევს ჩემს კმაყოფილებას", - განაცხადა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მონაცემებით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე ადგილობრივი თვითმმართველობებიდან  გათავისუფლებულია 1700-ზე მეტი თანამშრომელი. 

 

კომენტარები