მაგნიტსკის სია

აშშ-მა „მაგნიტსკის სია“ გამოაქვეყნა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ იმ რუს მოხელეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც ე. წ. „მაგნიტსკის სიაში“ შედიან და რომელთა წინააღმდეგ ფინანსური და სავიზო სანქციები ამოქმედდება. სიაში სულ 18 ადამიანია.

სანქციები რუს მოხელეებს, რომლებსაც კავშირი აქვთ 2009 წელს ციხეში იურისტ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებასთან, აშშ-ის კონგრესის მიერ გასულ წელს მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ შესაბამისად დაეკისრებათ.

BBC-ს რუსული სამსახურის ცნობით, ამ სიიდან 16 ადამიანს მაგნიტსკის გარდაცვალებასთან უშუალო კავშირი ჰქონდა. კერძოდ, სიაში მოხვდნენ შსს-ს გამომძიებლები ოლეგ სილჩენკო და ნატალია ვინოგრადოვა, რომლებიც მაგნიტსკის წინააღმდეგ საქმეს იძიებდნენ, ასევე საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი ივან პროკოპენკო.

სიაში არ არის მოხვედრილი არცერთი რუსი მაღალჩინოსანი. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ამერიკული და რუსული პრესა იუწყებოდა, რომ კონგრესის მიერ ადმინისტრაციისთვის გადაცემულ პირთა ჩამონათვალში, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან გარეულნი, 280-მდე გვარი ფიგურირებდა და მათ შორის პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრებიც იყვნენ.

სიის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი გააფრთხილა იმის შესახებ, რომ აშშ-მა სიის გამოსაქვეყნებლად შეუფერებელი მომენტიო შეარჩია და რუსეთი ამ ნაბიჯს აუცილებლად უპასუხებს.

კომენტარები