რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

კობახიძე: ლავროვის აზრი სააკაშვილზე და საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე მეორეხარისხოვანია

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, მანანა კობახიძე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ლავროვს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი როგორც მიხეილ სააკაშვილზე, ასევე საქართველოს ახალ ხელისუფლებაზე, ''თუმცა ეს მეორეხარისხოვანია და დღევანდელი მთავრობა ორიენტირებულია არა ლავროვის განცხადებებსა და შეფასებებზე, არამედ საქართველოს ინტერესებზე''.

"ამ შემთხვევაში სააკაშვილის ქმედებებს როგორ აფასებს ლავროვი, მეორეხარისხოვანია. მთავარია ჩვენი საზოგადოება როგორ შეაფასებს საკუთარი პრეზიდენტის მოქმედებებს. არ ვიცი ლავროვი აღიარებაში რას გულისხმობს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საუბარია იმის შესახებ, რომ 2008 წლის ომის თაობაზე კითხვები არსებობს. ეს ეხება რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების მოქმედებები, როგორც აგვისტოში, ისე წინა პერიოდში და შესაბამისად, ეს იმის აღიარებას არ ნიშნავს, რომ რუსეთი მართალია. ის, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე აგრესია განახორციელა და მისი ოკუპაცია მოახდინა, უაპელაციოა. აღნიშნულ საკითხზე არავინ დავობს. საუბარია იმის თაობაზე, რომ საკუთარი ხელისუფლების მიმართ როგორც საზოგადოებას, ასევე მოქმედ ხელისუფლებას შეიძლება კითხვები გააჩნდეს. მეორეხარისხოვანია, ამას ლავროვი რა ინტერპრეტაციას მისცემს", - განaცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მანანა კობახიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა RTVI-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ კმაყოფილია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრაგმატიზმით.

ლავროვის განცხადებით, ''რომ არა აგვისტოს ომის ავანტიურა, რუსეთი საქართველოსთან მეგობრობის კუთხით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამდა''.

მისივე თქმით, ''რუსეთს ყოველთვის სურდა მეზობელ ქართველებთან მეგობრობა, თანამშრომლობა და პრობლემების გადაჭრაში დახმარება'', და ურთიერთობას მუდმივად ძაბავდა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

"ვფიქრობ, მან შეიტანა დამანგრეველი წვლილი ბევრი ქართველი ახალგაზრდის სულსა და გონებაში. იგი მუდმივად ატარებდა ყოველდღიური ცხოვრებიდან რუსული ენის, რუსული კულტურისა და ისტორიულ კავშირებთან დაკავშირებული მეხსიერების წაშლის კურსს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა. ამისთვის ერთი მაგალითიც კმარა. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული კონფლიქტების ისტორიას დაწვრილებით არ მოვყვები, მაგრამ ის, რომ ოსებმა პირველი საელჩო სანკტ-პეტერბურგში გახსნეს, ხოლო აფხაზები რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ჯერ კიდევ გეორგიევსკის ტრაქტატამდე შევიდნენ, ფაქტია. ყველამ ვიცით, როგორ დაიპყრეს ისინი საბჭოთა პერიოდში, როდესაც აფხაზეთი და საქართველო გახდნენ თანასწორუფლებიანი მოკავშირე რესპუბლიკები, ხოლო შემდეგ სტალინმა აფხაზეთი საქართველოს გადასცა. თავად გეორგიევსკის ტრაქტატი კი გახდა ქართველების მიმართვის შედეგი, რომლებიც რუსეთის მფარველობას ითხოვდნენ. მიხეილ სააკაშვილმა თავის ერთ-ერთ ემოციურ გამოსვლაში ამ მოვლენას ჩვენი ურთირეთობის ისტორიაში რუსეთის მიერ საქართველოს პირველი ოკუპაცია უწოდა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო მინისტრის თქმით, რუსეთს არ სურდა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მაგრამ ''ომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულმა რევანშისტულმა განცხადებებმა რუსეთს სხვა გზა აღარ დაუტოვა''.

''დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება ჩვენი მიზანი არ იყო. ამის შესახებ არც არავინ ფიქრობდა. მე ვიყავი იმ მოვლენების მოწმე, როცა ეს ყველაფერი მოსკოვში განიხილებოდა. მიზანი იყო ერთი - სისხლისღვრის შეჩერება'', - აღნიშნა ლავროვმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშილმა ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­სა და გა­ზე­თე­ბის მთა­ვარ რე­დაქ­ტო­რებ­თან  შეხ­ვედ­რი­სას, აგ­ვის­ტოს ომის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ მოვ­ლე­ნე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მე­თა­უ­რო­ბით არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად მო­იქ­ცა. მი­სი თქმით, ომის თე­მა დღემ­დე ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი და მი­სი გა­მო­ძი­ე­ბა არ და­ა­ზი­ა­ნებს არც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და არც პრე­ზი­დენ­ტის იმიჯს.

 

კომენტარები