პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე, ეკლესიის შესახებ ისაუბრა.
კითხვაზე, არის თუ არა დასაშვები სასულიერო პირების განკითხვა, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეკლესიაში არსებობს პრობლემები.
"ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ უნდა ვეფერებოდეთ ჩვენს ეკლესიას, კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში, საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. ეს ნორმალურია და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი.
''მე არ ვმალავ, რომ ქრისტიანობას აქვს ძალიან დიდი როლი, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ. სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, რომ ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული და დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან. ის აუცილებელი თანხა, რაც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასახმარებლად, უნდა იყოს გადარიცხული ერთხელ და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო არ უნდა ეცადოს რაიმე სახით მოახდინოს კონტროლი ეკლესიაზე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





