დავით ბაქრაძე

ბაქრაძე: წულუკიანი გასცდა ზღვარს, რომლის იქითაც სახელმწიფო ზიანდება

საპრალამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ. 

ბაქრაძის შეფასებით, წულუკიანი ''პოლიტიკური ბრძოლის ფარგლებში გასცდა ზღვარს, რომლის იქითაც სახელმწიფო ზიანდება''.

"2008 წლის ომთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ გამოძიება ჩაატარა. გახსოვთ მაშინ ეს პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. საპარლამენტო კომისიაში მისული იყო პრეზიდენტი და მან კომისიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცა. გარდა ამისა, ევროკავშირმა შექმნა მთელი საგამოძიებო სტრუქტურა ტალიავინის ხელმძღვანელობით, რომელიც შეხვდა ყველა მხარეს და დაიდო დასკვნა, რაზეც ყველამ თქვა, რომ იყო საკმარისი და ადეკვატური დასკვნა. ამის ფონზე ვერ ვხედავ, რას უნდა ემსახურებოდეს ამ პროცესების ხელახალი გამოძიება. თუ ჩვენი ამოცანაა, რომ მაინცდამაინც ის დავამტკიცოთ, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ, რომ ქართველები ტერორისტებს ვამზადებთ და ისეთი ცუდი სახელმწიფო ვართ, როგორც საქართველოს რუსეთის ზოგიერთი მაღალი თანადებობის პირი აფასებს, მაშინ გასაგებია. ნამდვილად არ მინდა ვიფიქრო, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებების უკან ეს მიზანი დგას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. მან ამ კონტექსტში პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

კომენტარები