საქართველოს პარლამენტი

საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებები საბოლოო მოსმენით დამტკიცდა

საქართველოს პარლამენტმა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტი 82 ხმით 24 -ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

ასევე მეორე მოსმენით მიიღეს ცვლილებები, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის მხრიდან დასამტკიცებელი წევრების არჩევის პროცედურების შესახებ.

ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრიდან 6-ს, პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს. არჩეული კანდიდატები პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით გამოვლინდება. იმ შემთხვევაში, თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია არ შეივსება, მომდევნო ტურებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოვლინდება.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, მათ არჩევას მოსამართლეთა კონფერენცია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, ''რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია''. კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება.

კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ''პარლამენტის მიერ არჩეულ და პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრებს, აგრეთვე, იმ მოსამართლე წევრებს, რომელთაც უკავიათ ან უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ეკავათ სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილის, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობა, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩეული იყვნენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ''.

კომენტარები