ბათუმის ინციდენტი

საია: ძნელია გენინსპექციის დასკვნა დაიჯეროს ადამიანმა, რომელსაც ანალიზის უნარი შესწევს

"დასკვნა არადამაჯერებელია და ძნელია მასში მითითებული მოსაზრებები დაიჯეროს იმ ადამიანმა, რომელსაც ანალიზის უნარი შესწევს, მით უმეტეს დაიჯეროს იურისტმა. ვფიქრობ, არაობიექტურობის ცალსახა ნიშნებია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია ხელს აფარებს ბატონ ვალერიან თელიას მიერ ჩადენილ დანაშაულს",  - ასე გამოეხმაურა საია-ს თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ინტერპრესნიუსთან საუბარში გენერალური ინსპექციის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომელიც 28 მარტს ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხება. 
კახა კოჟორიძე გენერალური ინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით რამდენიმე არგუმენტს აყალიბებს. პირველ რიგში, კოჟორიძე ვიდეომასალის დაზიანების ფაქტს ეხება და აცხადებს, რომ მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა.
"ამ შემთხვევაში დანაშაულის ნიშნები სახეზე იყო, ჯერ ძიება უნდა დაწყებულიყო და მერე დადგენილიყო, განზრახ დაზიანებას ჰქონდა ადგილი თუ გაუფრთხილებლობას. მეორეც, ისმის კითხვა, მაინცდამაინც ის მტკიცებულება რატომ დაუზიანდა პოლიციელს, რომლითაც უკეთ ჩანდა, რა მოხდა სინამდვილეში", - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ინტერპრესნიუსთან საუბარში. 
კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა საკმარისი უნდა გამხდარიყო თელიას მიმართ მინიმუმ დისციპლინური ღონისძიებების გასატარებლად.
"თელია მანქანიდან არ გადმოსულა სამართლებრივი რეაგირების მოხდენის მიზნით. თუ სამართლებრივი რეაგირების მოხდენა სურდა, თელია გამოიძახებდა პოლიციას და შედგებოდა სამართალდარღვევის ოქმი იგივე საია-ს მძღოლის მიმართ. ის კი გადმოვიდა მანქანიდან, დაპირისპირებაში შევიდა მოქალაქესთან, რაც გავრცელებული მასალით ნათლად ჩანს, მაგრამ ამაზე გენერალურმა ინსპექციამ არაფერი თქვა. ასევე, არაფერი ითქვა მეორე თვალსაჩინო ფაქტზე – კადრებში ჩანს, რომ ვალერიან თელია უკუსვლით მოძრაობს გზაჯვარედინზე, რაც ასევე სამართალდარღვევას წარმოადგენს. იმას აღარ ვამბობ, საია-ს თანამშრომელს რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ანთებული სიგარეტი ესროლა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის სამი თანამშრომლის ერთხმად მიცემული ჩვენება სამინისტრომ არ გაიზიარა", - განაცხადა კოჟორიძემ. 
გენერალური ინსპექციის დასკვნაზე სააგენტო ინტერპრესნიუსთან კომენტარი გააკეთა საია-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გია ქარცივაძემაც. მისი თქმით, ჟურნალისტებმა საია-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვალერი თელიას საერთოდ არ გააჩნია მართვის მოწმობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ორ დღეში ელოდება პასუხს, აქვს თუ არა აჭარის შს მთავარი სამმართველოს უფროს ვალერი თელიას მართვის მოწმობა. საია ამ საკითხით დაინტერესდა და სამინისტროსგან გამოითხოვა ოფიციალური ინფორმაცია.
"თუმცა ისეთი დასკვნა დადო ჩვენს წარმომადგენლებსა და თელიას შორის მომხდარ ინციდენტზე გენერალურმა ინსპექციამ, რომ დარწმუნებული ვარ, მისთვის მართვის მოწმობის დამზადება არანაირი პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა ქარცივაძემ.

კომენტარები