ბათუმის ინციდენტი

ომბუდსმენი შს მინისტრს "ბათუმის სახლში" არსებული ჩანაწერის ამოღებას სთხოვს

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და აჭარის შს პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებს შორის მომხდარი ინციდენტის შესწავლას, ასევე "ბათუმის სახლში" არსებული ვიდეოჩანაწერის დაუყოვნებლივ ამოღებას ითხოვს.

ინციდენტი 28 მარტს ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მოხდა.

"მოგვიანებით, ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ინციდენტის ახლოს მდებარე ოფისის "ბათუმის სახლის" მფლობელი საბირ ნურიევის განცხადებით, მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც წაშალეს ინციდენტის პერიოდის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, დღემდე "ბათუმის სახლში" არსებობს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების შენობიდან გამოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც იძლევა საშუალებას, დადგენილ იქნას ვის მიერ იქნა განადგურებული ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა. საიას წარმომადგენელთა განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ამავე დღეს, ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავები, რომელთა შორისაც ამოცნობილ იქნა თავად ის პირი, რომელიც ფიქსირდება ვიდეოჩანაწერზე, კერძოდ, ქ. ბათუმის მე-2 განყოფილების უფროსი, გიგლა მოსიძე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში "ბათუმის სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე მათთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაიწყოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაუყოვნებლივ ამოიღოს "ბათუმის სახლში" არსებული ვიდეოჩანაწერი და უზრუნველყოფილ იქნას სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ამასთან, მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატს უფრო ხშირად მიმართავენ მოქალაქეები, რომლებიც შსს-ს სხვადასხვა რანგის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უჩივიან.

"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში გახშირდა მომართვიანობა, რომელშიც მოქალაქეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა რანგის თანამშრომელთა მხრიდან მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებენ. ჩვენს ხელთ არსებულ არაერთ ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველმა ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის ორგანოებს. აუცილებელია, თითოეულ მსგავს შემთხვევას მოჰყვეს მკაცრი და ადეკვატური რეაგირება, რათა დარღვევებს არ მიეცეს სისტემური ხასიათი".

განცხადების მიხედვით, ომბუდსმენი მომხდარის შესწავლას განაგრძობს და გატარებულ ღონისძიებებს თვალყურს მიადევნებს.

 

 

კომენტარები