ბათუმის ინციდენტი

ბათუმში ვიდეოჩანაწერის წაშლისგან დასაცავად მორიგეობა არ წყდება

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, აჭარაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში "ბათუმის სახლთან" მორიგეობდნენ. ისინი ცდილობენ დაიცვან ობიექტში ვიდეოფირზე არსებული მასალა, რომელშიც, მათი აზრით, უნდა ჩანდნენ ის პოლიციელები, რომლებმაც სავარაუდოდ გაანადგურეს ვიდეოფირზე აღბეჭდილი ინციდენტი
საუბარია, გუშინ, 28 მარტს საია-ს თანამშრომლებსა და აჭარის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. საია-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქუჩაში მოძრაობისას მათ აჭარის პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მათი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ საია-ს მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და მან ამავდროულად მოძრაობის წესები დაარღვია. 
"ბათუმის სახლთან" შეკრებილები დაშლას მანამდე არ აპირებენ, სანამ შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებებს არ დაასრულებენ. 
"ამ მორიგეობით ჩვენ ვიცავთ ობიექტს, რომ შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან დარჩენილი ვიდეოკადრების სრული განადგურება არ მოხდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩანაწერის დარჩენილ ნაწილსაც გაანადგურებენ, რამდენადაც ვიდეოფირის გარკვეული ნაწილის განადგურების შესაძლებლობა გუშინ უკვე გამოიყენეს. ვფიქრობთ იმასაც, რომ წაშლილი ფაილის აღდგენა შეიძლება, არის ამის შესაძლებლობა, ამიტომაც ვახდენთ 24-საათიან მორიგეობას და ვცდილობთ ობიექტში ნებისმიერი გარეშე პირის შესვლა დავაფიქსიროთ", - აღნიშნა საია-ს ბათუმის ფილიალის იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ინციდენტის ამსახველი  ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც ადგილზე ახლომდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ  მათი მძღოლის მიერ საგზაო წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი,  ვალერი თელიას არ ჰქონდა უფლება მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა. ორგანიზაცია ითხოვს, რომ გამოძიების პროცესში თელიას უფლებამოსილება შეუჩერდეს. 

კომენტარები