სტიქია

სტიქიური მოვლენების შედეგად შექმნილი ვითარების გამო საგანგებო შტაბი შეიქმნა

სტიქიური მოვლენების შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრის განკარგულებით, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახა კალაძე უხელმძღვანელებს. 

შტაბის შემადგენლობაში შედიან ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ასევე შს და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები. 

კახა კალაძის განცხადებით, სტიქიის შედეგად, ამ ეტაპზე გათიშულია 100 ათასამდე აბონენტი და მათგან გარკვეულ რაოდენობას ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღუდგება.

ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ფინანსური სისტემა გამართულია და ''სამინისტროს მოეპოვება შესაბამისი რესურსები, სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად''.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ცნობით, სამინისტროში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომლის ნომერია 251 07 74. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. 

სამინისტროს ცნობით, ბათუმში შტორმის შედეგად, წყალი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ამოვიდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მათ შორის, 100-ზე მეტი ხელვაჩაურში. სტიქიის შედეგად, ქობულეთში ჩამოინგრა 40 მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობა, დაზიანებულია გარეგანათების ბოძებიც.

სახლებისა და სკოლების სახურავები დაზიანდა გურიაშიც. ურეკში, მაგნეტიტის დასახლებაში, დაზიანდა მთავარო ნაპირდაცვითი ნაგებობა. 

გარდა ამისა ძლიერი ქარის შედეგად, გორში 20-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი დარჩა სახურავის გარეშე. 60-ზე მეტი სახლის სახურავი დაზიანდა თბილისშიც. 

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად აჭარა დაზარალდა. შეგახსენებთ, ბა­თუმ­ში, გუ­შინ დი­ლის 5 სა­ათ­ზე შტორ­მი და­იწ­ყო, რომლის სიმძლავრემაც 6 ბალს მიაღწია. 

კომენტარები