საკონსტიტუციო ცვლილებები

ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ეს თემა აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არ აეწევა არავის

რეგიონულ მედიასთან, დღეს, 14 მარტს, გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი დაითხოვს მთავრობას, "მთელი საქართველო სიცილით მოკვდება". 
პრემიერისთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ მუშტად შეკრას  ნაციონალური მოძრაობა და არ გაიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში, ვინაიდან ამას დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ექნება. 
"მას გარიცხავენ ევროპული პარტიიდან. ეს თემა აიწევს მაქსიმალურად მაღლა ამერიკაშიც და ევროპაშიც. მას საერთოდ დაეკარგება იმიჯი. გარეთ არ გაესვლება არც მას და არც ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებს... ვინც ამ თემას დაუჭერს მხარს, გარწმუნებთ, რომ ეს თემა აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არ აეწევა არავის. გარწმუნებთ, რომ ჯერ სიცილი არ გვეყოფა ქართველებს და არ დაიჯერებენ, მართლა აკეთებს თუ არა ეს კაცი ამას ამ ეტაპზე. შემდეგ, სიტყვა რისხვა საკმარისია რომ ვთქვათ. რისხვა მოჰყვება ამას საქართველოში და მხარდაჭერა ამერიკიდან და ევროპიდან. ეს ისეთი მარტივი გასაგებია, რომ თავი უნდა შევიკავო ამ პროცესის გაანალიზებისაგან", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები