მთავარი პროკურატურა

საყვარელიძეს ისრაელის მოქალაქისთვის ამორტიზებული შენობის იძულებით მიყიდვას ედავებიან

საქართველოს მთავარი პროკურატურა დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარების საკითს გამოეხმაურა. გამოძიება საპარლამენტო უმცირესობის წევრს ისრაელის მოქალაქისთვის ამორტიზებული შენობის იძულებით მიყიდვას ედავება.
უწყების ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად გამოძიება მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე.  ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლისას კი დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონკრეტული ბიზნესმენებისათვის ამორტიზებული და გამოუსადეგარი შენობა-ნაგებობების იძულებით შეძენის გზით დიდი ოდენობით თანხების გამოძალვას.
აღნიშნული საქმის ერთი ეპიზოდი 2011 წელს ისრაელის მოქალაქის ეფრაიმ გურის მიერ  სოფელ ტატანისში 168 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობის (კულტურის სახლი)  412 000 ლარად შეძენას ეხება. 
ამ საქმეში, მოწმის სახით ფიგურირებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილიც, რომლის ჩვენებაც პროკურატურის განცხადებას თან ერთვის. ყავლაშვილმა ჩვენებაში განაცხადა, რომ 2010 წელში ეფრაიმ გურის შვილის რონენ გურის ბრალდების საქმეზე იგი რონენ გურის ინტერესებს იცავდა. ეფრაიმ გური თვლიდა, რომ მისი შვილი უდანაშაულო იყო და სურდა მის მიმართ საქმის შეწყვეტის მიღწევა. 
"გიორგი ყავლაშვილმა, რონენ გურის ბრალდების საქმის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში  ეფრაიმ გური შეახვედრა მთავარი პროკურორის იმჟამინდელ მოადგილეს დავით საყვარელიძეს, რომელთანაც ეფრაიმ გურმა  დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ გადაეხდა თანხა. კერძოდ: გ. ყავლაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ეფრაიმ გურმა თავისი შვილის რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ საერთო ჯამში გადაიხადა 1 000 000 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში  და მცხეთაში ამორტიზებული უძრავი ქონების შეძენის გზით. გადახდის ქვითრები კი წარუდგინა მთავარ პროკურატურას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი შპს ბურჯის საქმეშიც ფიგურირებდა. მისმა კომპანია გამამ აგვისტოში შპს ბურჯის ქონების ნაწილი აუქციონის წესით 8 761 513. 55 ლარად შეიძინა.  ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ  ქართული ოცნების უსასყიდლო მომსახურებისათვის კომპანია ბურჯი 11 მილიონამდე  ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ჯარიმა არ გადაიხადა, რის შემდეგაც მისი ქონება დაყადაღდა, მოგვიანებით კი - აუქციონზე გაიყიდა. მოგვიანებით,  ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან საუბრისას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ შპს ბურჯის კუთვნილი ქონების განკარგვაში პირდაპირ იყო ჩართული ქვეყნის მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.
აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს, ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი ყავლაშვილი ადვოკატის პროფესიას არცხვენს.
"ყავლაშვილი არის ის ადვოკატი, რომელიც ყოველთვის არცხვენდა პროფესიას – ეს შემიძლია ვთქვა ხმამაღლა. ეს არის ადამიანი, რომელიც არის საპროცესო შეთანხმებების, გარიგებების და საქმეების მოკვარახჭინების სპეციალისტი. ამიტომ არავის გაჰკვირვებია თავის დროზე, რომ ის იყო გარეული ბურჯის ამბავში და ბევრ სხვა ამბებში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებაში უსამართლობის თემას", - განაცხადა წულუკიანმა. 

კომენტარები