უეფას ჩემპიონთა ლიგა

PSG ვალენსიას დამარცხებას იბრაჰიმოვიჩის გარეშე შეეცდება

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების საპასუხო შეხვედრაში, პარიზში ერთმანეთს ადგილობრივი PSG და ესპანური ვალენსია შეხვდებიან.

ფრანგებმა სტუმრად ჩატარებული შეხვედრა 1:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდეს.

- მე არ დამვიწყებია პირველი მატჩის ანგარიში. ვითამაშებთ საუკეთესო 90 წუთს. სხვა რამის წარმოდგენა არ შემიძლია გარდა იმისა, რომ საუკეთესო შეხვედრა ჩავატაროთ, დაცვაშიც კარგად უნდა ვითამაშოთ და შეტევაშიც, - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

- საფრანგეთის ჩემპიონატში წავაგეთ, თუმცა ეს უნდა დავივიწყოთ. ჩემპიონთა ლიგა ყველა სხვა ტურნირისგან განსხვავდება. გუნდი კარგად არის მომზადებული, რთული იქნება, მაგრამ დღევანდელ მატჩში ჩვენი საუკეთესო მხარე უნდა ვაჩვენოთ, - ეს ტიაგო სილვას სიტყვებია.

უიმედოდ არც ერნესტო ვალვერდე იყო: ახლა იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩემპიონთა ლიგაში შემდეგ წელსაც მივიღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, არაფერია გადაწყვეტილი, ასე რომ,  ვიბრძოლებთ ჩვენი შანსისთვის.

პირველ შეხვედრაში PSG-ს ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა დიდი შანსია ითამაშოს დევიდ ბექჰემმა.

 

 

 

 

კომენტარები