განათლების რეფორმა

დავით ზურაბიშვილი: გაჩნდა შესაძლებლობა დოქტორანტურის დაფინანსების

დღეს, 21 თებერვალს, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  სახელმწიფო დოქტორანტურაში სწავლას დააფინანსებს.  
"გაჩნდა შესაძლებლობა დოქტორანტურის დაფინანსებისა, რაც აქამდე არ იყო. ამჯერად ეს მოხდება. კონკრეტულად რა დაფინანსდება, როგორ და რანაირად, ეს ჯერ არ არის შემუშავებული, მაგრამ ასეთ ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ და ვაპირებთ. ჯერ ვერ ვიტყვით, რაღაც პრიორიტეტები იქნება იმ დოქტორანტურაში, რაღაც დაფინანსდება, რაღაც არა თუ სულ ყველა. ეს სამომავლო საკითხია, ამაზე მსჯელობა მიდის, ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო რა თანხას გამოგვიყოფს", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პარლამენტის განათლების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს. კომიტეტის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ  მომავალი წლიდან უფრო მეტ ფაკულტეტზე იქნება სწავლა უფასო. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება პროფესიული განათლების სისტემასაც. ჩაფიძის ასევე განმარტავს, რომ შეიცვლება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიცაზიის პროცედურაც. 
"თვითონ განათლების სამინისტროში, ნაცვლად ავტორიზაციის ერთი საბჭოსი, რომელიც ემსახურებოდა როგორც უმაღლეს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულ სასწავლებლებს, ახლა შეიქმნება სამი საბჭო ახალი კანონის მიხედვით, რომლებიც ცალ-ცალკე  იმუშავებენ პროფესიულ, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს განათლებაზე", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.
კომიტეტზე საუბარი ასევე შეეხო სამაგისტრო გამოცდებს. 
"სამაგისტრო გამოცდები იქნება ცოტა სხვანაირი. თუ იყო ადრე, რომ ყველა ერთი და იგივე გამოცდას აბარებდა მიუხედავად სპეციალობისა, ახლა რაღაც საგნის არჩევის საშუალება გაჩნდება", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

კომენტარები