”აღმოსავლეთის პარტნიორობა”

EU: რეფორმის ტემპები განსაზღვრავს პარტნიორობის ინტენსიურობას

"ვილნიუსში გასამართ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე, საბჭო ხაზს უსვამს, რომ რეფორმის ტემპები განსაზღვრავს თანამშრომლობისა და პარტნიორობის ინტენსიურობას. რეფორმებში ყველაზე მეტად ჩართული ქვეყნები კი მეტ სარგებელს მიიღებენ ევროკავშირთან მათი ურთიერთობებისგან", - ნათქვამია 18 თებერვალს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მიერ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ მიღებულ დასკვნაში
ამ კონტექსტში ევროკავშირის საბჭო მოუთმენლად ელოდება 2013 წელს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არჩევნების გამართვას. 
"საბჭო მოუთმენლად ელის 2013 წელს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში არჩევნების გამართვას და ხაზს უსვამს მათი გამართვის მნიშვნელობას საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებით", - ნათქვამია დასკვნაში. 
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობას" საფუძვლად უდევს საერთაშორისო უფლებები და ფუნდამენტური ფასეულობები, მათ შორის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა, ისევე, როგორც საბაზრო ეკონომიკა, მდგრადი განვითარება და კარგი მმართველობა.
საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭომ ყველა მხარეს მოუხმო მოლდოვასთან, საქართველოსა და სომხეთთან ასოცირების ხელშეკრულების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განვითარებისკენ, რათა სამიტისთვის ეს პროცესი უკვე დასრულებული იყოს.
"საქართველოსთან სავიზო დიალოგი სწრაფად პროგრესირდება და სამიტის ჩატარების დროისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომავალში განხორციელება განხილვის საგანი უნდა იყოს", - აღნიშნულია დასკვნაში. 
დასკვნაში ასევე ასახულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამამ (EaPIC) მოლდოვაში, სომხეთსა და საქართველოში რეფორმებისთვის უზრუნველყო დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა, "ბევრი უფრო ბევრისთვის" პრინციპის შესაბამისად.

კომენტარები