”აღმოსავლეთის პარტნიორობა”

შტეფან ფულე: ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთქმედება ნაყოფს გამოიღებს

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგი ტარდება.  ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე აცხადებს, რომ ამ შეხვედრის საქართველოში ჩატარება უმნიშვნელოვანეს პერიოდს დაემთხვა.
"ნოემბერში დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში. ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთქმედება პარტნიორებთან ასოცირების შეთანხმებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე ნაყოფს გამოიღებს", - განაცხადა ფულემ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მასპინძლობს. მინისტრი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, რომ ვილნიუსის ნოემბრის სამიტზე საქართველოს წინსვლა გამოიკვეთება:
"მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას და აგრეთვე, ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს. ეს არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ დღეს ვილაპარაკებთ და რომლის დასრულებასაც ვგეგმავთ მომავალში, რათა ამ ყველაფერზე ხელი მოეწეროს ვილნიუსის სამიტამდე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
ფანჯიკიძის ინფორმაციით, ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები