”აღმოსავლეთის პარტნიორობა”

ბაქრაძე: იმედი მაქვს, ხელისუფლება ევროპარლამენტარების შეშფოთებას ყურად იღებს

დღეს, 14:00 საათზე, თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ევრონესტის პოლიტიკურ საკითხთა ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე სასტუმრო შერატონში ევროპარლამენტარებს ხვდება. მასთან ერთად ევრონესტის  წარმომადგენლებს  დავით დარჩიაშვილიც ესაუბრება. ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციის გაგრძელება.
"ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მჭიდროდ ითანამშრომლებს ქვეყანა ევროპარლამენტარებთან და გაიზიარებს მათ რეკომენდაციებს. ბოლო პერიოდში ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ისმის შეშფოთება, თუ როგორ მიდის გარკვეული პროცესები საქართველოში. იმედი მაქვს, ხელისუფლება და უმრავლესობა ყურად იღებს ამ შეშფოთებას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ შეფერხდეს", - განუცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძე გუშინ, 13 თებერვალს, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის (EPP) ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზადაა, ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტიასთან ურთიერთობაში დაეხმაროს.
"ნაციონალური მოძრაობა მზად არის, ხელისუფლებას ევროპის სახალხო პარტიასთან ურთიერთობაში დაეხმაროს. ჩვენი ევროპის სახალხო პარტიასთან პარტნიორობის მიუხედავად, ევროპული ინტეგრაციის შეფერხება ჩვენი სურვილი ნამდვილად არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ კრიტიკა სერიოზულად მიიღოს, რომელიც ჩვენს ევროპელ მეგობრებს გააჩნიათ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
ევროპელ სტუმრებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძესთანაც ექნებათ შეხვედრა. 

კომენტარები