განცხადება

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მოსახლეობას ბოლო დროს გახშირებული ე.წ. ფინანსური პირამიდის შემთხვევების შესახებ აფრთხილებს.

ეროვნული ბანკის განცხადების მიხედვით, ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო სივრცეში გამოჩნდა კომპანიები, რომლებიც წარმოებული ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ.

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ტიპის კომპანიები არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მხრიდან, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება საზედამხედველო ნორმები და სანქციები. მაღალია იმის ალბათობაც, რომ ეს კომპანიები ფიზიკური პირებისგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნესსაქმიანობაში აბანდებდნენ და ფინანსური პირამიდის კლასიკური მოდელის მიხედვით მოქმედებდნენ.

ფინანსური პირამიდის შემთხვევაში, კომპანია ინვესტორებს ამონაგებს უხდის საკუთარი ინვესტიციიდან ან მომდევნო ინვესტორების მიერ გადახდილი ფულიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა კომპანიას ახალი ინვესტორები აღარ დაემატება, ყველა წაგებული დარჩება.

ეროვნული ბანკი მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ.

კომენტარები