განცხადება

უწყებათაშორისი კომისია მთავრობას კვლევის შეჩერებისკენ მოუწოდებს

Giga Bokeria
Tabula

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს გამოკითხვაზე, რომელშიც საჯარო მოსამსახურეებს მათთვის ყველაზე მისაღები ხედვებისა და ორიენტაციის პოლიტიკური პარტიის, პარტიულობის, ასევე, რეგიონული წარმომავლობის იდენტიფიცირებას თხოვდნენ. ამ გამოკითხვის კანონიერების შესწავლის მოთხოვნით უწყებათაშორის კომისიას არასამთავრობო ორგანიზაციამ - ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევნები - მიმართა.

"საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის არაერთი დებულების დარღვევა. მათ შორის, ისეთის, რომელიც ინდივიდის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება და კანონის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება (მუხლი 2). მე-6 მუხლი კრძალავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას, გარდა გარკვეული გამონაკლისებისა, რომელთაგან მოცემულ შემთხვევაში არცერთი არ არის სახეზე. უფრო მეტიც, დარღვეულია ის ნორმა (მუხლი 6.2.ა), რომლის თანახმად, მონაცემთა სუბიექტმა განაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა წერილობით უნდა გამოხატოს", - აღნიშნულია განცხადებაში. კომისია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ ამ ტიპის კვლევის ჩატარება შეიძლება აღქმული იქნას, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზემოქმედება და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენება.

უწყებათაშორისი კომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ განმარტა, რომ კვლევა მართლაც ჩაატარეს, თუმცა აღნიშნეს, რომ საჯარო პირთა გამოკითხვას არა საქართველოს მთავრობა, არამედ თბილისის ღია სასწავლო უნივერისტეტი ახორციელებდა და ისინი უნივერსიტეტს 12 სამინისტროში კვლევის ჩატარების კოორდინირებაში დახმარებას უწევდნენ. პრემიერმინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში, რომელიც 10 ივნისით თარიღდება, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა კვლევის მიზნად საჯარო სექტორში დასაქმების განმაპირობებელი ფაქტორების ანალიზს ასახელებს.

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კომისიის სამდვინო ასევე გაესაუბრა საჯარო დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს, რომელთაც კონფიდენციალობის დაცვა ითხოვეს და კომისიას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ანკეტა სამინისტროებში მთავრობის კანცელარიიდან დაიგზავნა და შევსებული კითხვარების შეგროვებასაც ეს უწყება უწევდა ორგანიზებას.

უწყებათაშორისი კომისიის შეფასებით, აღნიშნული კვლევის წინასაარჩევნო პერიოდში, მთავრობის კანცელარიის კოორდინირებით, 12 სამინისტროსა და მათ ტერიტორიულ ორგანოებში ჩატარება არა უშუალოდ უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ, პირისპირ ინტერვიუს ფორმით, არამედ ანკეტური გამოკითხვის სახით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

"საჯარო მოხელეები კითხვარებს მათი ხელმძღვანელობის მითითებით ისე ავსებენ, რომ კვლევის უშუალო შემსრულებელთან იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ, ხოლო მონაცემთა უსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვის საკითხი ბუნდოვანია, რადგან შევსებული ანკეტების შეგროვება სამინისტროების ადმინისტრაციათა მიერ ხდება. ასეთ ვითარებაში პარტიულობით, პოლიტიკური პრეფერენციებითა და რეგიონალური წარმომავლობით დაინტერესება, შესაძლოა, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე ზემოქმედებად და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებით გამოყენებად იქნეს აღქმული. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც სამართლიანი არჩევნების მონიტორინგმა 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან 1790 ადამიანის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტი გამოავლინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს აღნიშნული კვლევა და მომავალში უარი თქვას პირდაპირ ან ირიბად ისეთი ინფორმაციის შეგროვებაზე, რომელიც კანონით არის დაცული და პოლიტიკური სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლოა, საჯარო მოხელეებზე ზემოქმედების მცდელობად იყოს აღქმული. 

გიგა ბოკერია ასევე მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და მოითხოვოს არა მხოლოდ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, არამედ მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება კანონის საწინააღმდეგოდ ხდება.

კომენტარები