განცხადება

ქართული ოცნება: ნაციონალური მოძრაობა არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს ემიჯნება და ძალადობას გმობს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც პარტიის წევრები ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ინციდენტის შეფასებისას გაკეთებულ განცხადებებს საარჩევნო დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.

"მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო პროცესი სამართლიან, თანასწორ და თავისუფალ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ინცინდენტის შეფასებისას დღეს გაკეთებული განცხადებები საარჩევნო პროცესის  დისკრედიტაციის მცდელობაა. დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართალდარღვევის ყველა ფაქტი, იქნება ის აქციის მონაწილეების მხრიდან თუ ნაციონალური მოძრაობის წევრების შესაძლო პროვოკაცია, დროულად გამოვლინდება და გამოძიება კანონის სრული დაცვით წარიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე დროული სამართლებრივი რეაგირება მოსთხოვა და მოუწოდა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის უსაფრთხო გარემოში ჩატარება - საგანგებო განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციამ საკუთარი Facebook-ის
გვერდზე გაავრცელა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყებამ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერის პარალელურად გამართული აქციის 12 მონაწილე დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულების მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აქცია ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

 

კომენტარები