დაკითხვა

გიგი უგულავა ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს

თბილისის მერი გიგი უგულავა, 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შს მინისტრის დაკითხვას მოითხოვს.

"ვითხოვ დაიკითხოს თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი და ყველა ის ადამიანი, ვისაც წესრიგის დაცვა ევალებოდა. გამოძიებამ ასევე უნდა გამოავლინოს, ვის ეჩურჩულებოდა ნანა კაკაბაძე და ვისგან იღებდა ინსტრუქციებს", - განუცხადა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს.

დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების დროს პოლიცია უმოქმედო იყო.

''მინისტრი აშკარად არღვევს უდანაშალობის პრეზუმფციას. მან წინასწარ გამოგვაცხადა პროვოკატორებად, წინასწარ შეთხზა ვერსია და შეეცადა მისი დანაშაულებრივი უსუსურობა დაემალა. მიმაჩნია, რომ ამით მან, პირველ რიგში, პოლიციელის ღირსება შელახა, როცა დანაშაულებრივი უმოქმედობისკენ უბიძგა მათ და თუ პოლიციელის მუნდირს და ღირსებას იცავს მინისტრი, ეს უპირველესად უნდა გაკეთდეს იმით, რომ მისცეს მათ საშუალება კანონის შესაბამისად იმოქმედოს. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ესაა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირება, სადაც პოლიცია არ ჩაერევა და არ დაამყარებს წესრიგს'', - აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, თავად გიგი უგულავა, რომელიც დაკითხვაზეა დაბარებული, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

შსს-მ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ.

''თბილისის მერი გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მოწმის სტატუსით დაკითხვაზე არ გამოცხადდა. შესაბამისად მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ზომები განხორციელდება. გამოძიება მიმართავს საქალაქო სასამართლოს, რათა გასცეს ბრძანება გიგი უგულავას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენის შესახებ. პირის იძულებით მოყვანის წესი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის 1998 წლის 20 თებერვლის კოდექსის 175-ე მუხლით", - აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები